ბიუროკრატია

საგანელიძე სუს-ისთვის 102 ავტომობილის ჩუქებაზე: ეს მთავრობის გადაწყვეტილება იყო

Reuters

საპარტნიორო ფონდმა სუს-ს 102 ავტომობილი აჩუქა. ფონდის თავმჯდომარე დავით საგანელიძე ამბობს, რომ ეს არა ფონდის, არამედ მთავრობის გადაწყვეტილება იყო, რადგანაც ფონდს მსგავსი საკითხების გადაწყვეტის უფლება არ აქვს. 

ექსპრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობაზე ყოფნის ბოლო დღეებში ხელი მოაწერა მთავრობის ავტოპარკის განახლების ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ბრძანებას. საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებული განკარგულების მიხედვით, სახელმწიფოს კუთვნილ საპარტნიორო ფონდს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის 102 ავტომობილის ჩუქება დაევალა. 

სუს-მა ავტომობილები ცენტრალური ბიუჯეტის გვერდის ავლით მიიღო. როდესაც საჯარო უწყებები ავტოპარკის განახლებას გეგმავენ, როგორც წესი, ამ ავტომობილების ღირებულება მათ ბიუჯეტშია გათვალისწინებული. სუს-ის შემთხვევაში კი ავტომობილების შეძენა ცენტრალური ბიუჯეტის გვერდის ავლით, სახელმწიფოს კუთვნილი საინვესტიციო ფონდის მოგებიდან მოხდა.

"ეს არის მთავრობის გადაწყვეტილება. ჩვენ, საპარტნიორო ფონდი, რა თქმა უნდა, ვერ ჩავერევით მთავრობის ვერცერთ გადაწყვეტილებაში. მთავრობამ თუ ჩათვალა საჭიროდ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს სჭირდებოდა დამატებითი ტექნიკა და ამ ტექნიკისთვის გამოძებნა გარკვეული ფინანსები სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებიდან, ეს ჩვენი გადასაწყვეტი თემა არაა, ამიტომ ამაზე დამატებით კომენტარს არ გავაკეთებ", - ამბობს საპარტნიორო ფონდის თავმჯდომარე დავით საგანელიძე. 

ავტომობილების შესყიდვის შედეგად სუს-ის 36-მილიონიანი ბიუჯეტიდან არცერთი თეთრი არ დახარჯულა. რეალურად კი ბიუროკრატიული ხარჯები $2 მილიონით გაიზარდა. უცნობია, თუ რა საჭიროებას წარმოადგენდა ავტომობილების 2015 წლის დეკემბერში შესყიდვა და რატომ ვერ შეიძენდა სუს-ი მათ 2016 წლის ბიუჯეტით.

საპარტნიორო ფონდის არსებობის მიზანს არ წარმოადგენს ცენტრალური მთავრობისთვის ბიუროკრატიული ხარჯების დაფინანსება და ავტომობილების შესყიდვა. 2011 წელს საპარტნიორო ფონდი შეიქმნა იმ მიზნით, რომ მან სახელმწიფო საწარმოები ეფექტურად მართოს და მიღებული მოგებით საინვესტიციო პროექტები დააფინანსოს. როდესაც ცენტრალური მთავრობა ფონდის მოგებიდან აფინანსებს საკუთარ ბიუროკრატიულ ხარჯებს, ეს ფონდს აცლის ფინანსურ რესურსს, რომელიც სხვა შემთხვევაში რომელიმე საინვესტიციო პროექტს, მაგალითად, სასტუმროს, ქარხანას ან ჰესს შეიძლება მოხმარებოდა. 

2015 წლის მანძილზე ეს ავტომობილების მსხვილი შესყიდვის ერთადერთი ფაქტი არ ყოფილა. წინა წელს ფინანსთა სამინისტრომ EBRD-ის ფორუმისთვის 67 ერთეული Toyota Camry შეიძინა. მთავრობა ამ ავტომობილების შესყიდვის აუცილებლობას ბიზნესფორუმის დახვედრით ხსნიდა, თუმცა ფორუმის დახვედრისთვის მას ავტომობილების ქირით აღებაც შეეძლო, რაც ბიუჯეტს დაახლოებით 90%-ით უფრო იაფი დაუჯდებოდა.

კომენტარები