დავა მაესტროს გარშემო

ბაია გადაბაძე ლევან გაჩეჩილაძის დირექტორად არჩევის გაბათილებას ითხოვს

ბაია გადაბაძე
media.ge

პარტნიორთა კრების მიერ თანამდებობიდან გათავისუფლებული მაესტროს დირექტორი ბაია გადაბაძე სასამართლოს მიმართავს და ლევან გაჩეჩილაძის დირექტორად არჩევის გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვს.

მაკა ასათიანის ადვოკატმა გიორგი გვენეტაძემ კი საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ისინი მოითხოვენ, რომ გია გაჩეჩილაძის წილი - 30% , რომელიც მან რამდენიმე დღის წინ გადაიფორმა, ბათილად გამოცხადდეს.

"ამ გარიგებების ბათილად ცნობას ვითხოვთ იმ საფუძვლით, რომ ეს არის თვალთმაქცური გარიგება. რეალურად ეს წილები შეიძინა ირაკლი რუხაძემ, ჩვენს ხელთ არსებული მტკიცებულებების შესაბამისად. გარდა ამისა, ეს არის კანონსაწინააღმდეგო გარიგება, რადგან დარღვეულია მთელი რიგი კანონების ნორმები, მაგალითად, კონკურენციის შესახებ კანონი", - თქვა გვენეტაძემ.

ტელეკომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ბაჩო კიკაბიძე კი ადასტურებს, რომ ივანიშვილი წინასაარჩევნოდ არამხოლოდ მაესტროს, არამედ ყველა ტელევიზიას აფინანსებდა რუსთავი 2-ის გარდა.

"ბიძინა ივანიშვილის მხირიდან მარტო მაესტრო კი არ ფინანსდებოდა, ფინანსდებოდა სრულიად მედიასივრცე. როგორ შემიძლია, ახლა არ დავადასტურო ეს ამბავი. დაფინანსება დაიწყო მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ შემოდის პოლიტიკურ სივრცეში და დაიწყო წინასაარჩევნოდ საქართველოს ყველა მედიასაშუალების დაფინანსება, გარდა რუსთავი 2-ისა", - თქვა კიკაბიძემ.

გუშინ მაესტროს ჟურნალისტებმა გააკეთეს განცხადება და თქვეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ლევან გაჩეჩილაძე გახდება დირექტორი და ეს ფაქტი არ იქნება გამყარებული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ისინი არ შეასრულებენ მის მითითებებს. თუმცა, ამ განცხადებას არ ეთანხმება გადაცემა ბიზნესკონტაქტის ავტორი გიორგი ისაკაძე და ამბობს, რომ ის აპირებს საუბარს ყველა მხარესთან და მისი გადაცემა არ შეჩერდება.

გაჩეჩილაძეების ადვოკატი დღის განმავლობაში აპირებს საჯარო რეესტრში მისვლას და ლევან გაჩეჩილაძის გენერალურ დირექტრორად დარეგისტრირებას.

კომენტარები