ქუთაისის პორტი

ქუმსიშვილი: ნიშნიანიძე ქუთაისში ალბათ მშრალი პორტის აშენებას გულისხმობდა

0 კომენტარი
პირველი ვიცეპრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი ფოტო: ტაბულა

ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ამბობს, რომ ქართული ოცნების დეპუტატის ომარ ნიშნიანიძის განცხადებას ქუთაისში პორტის მოწყობასთან დაკავშირებით არ იცნობს, მაგრამ ფიქრობს, რომ სავარაუდოდ ნიშნიანიძე ქუთაისში ლოგისტიკური ბაზის, ეგრეთ წოდებული მშრალი პორტის მოწყობაზე საუბრობდა.

"მე არ ვიცი ბატონი ომარ ნიშნიანიძის განცხადება, არ მინახავს, მაგრამ მშრალ პორტს ხშირად ეძახიან ადგილს, რომელიც არის დაშორებით ზღვისგან და რომელიც არის დიდი ლოჯისტიკური ცენტრი, სადაც შესაძლებელია, მათ შორის, კონტეინერების გადალაგება და მიმართულებების განსაზღვრა", - ამბობს ქუმსიშვილი. 

ქუთაისის პორტისა და მიწისქვეშეთის განვითარება ქართული ოცნების ერთ-ერთი დეპუტატის ომარ ნიშნიანიძის იდეაა. ომარ ნიშნიანიძის შეფასებით, ქუთაისის პორტს გარკვეული ტურისტული მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს, თუმცა ის ტვირთბრუნვით ანაკლიის პორტს ვერ გადააჭარბებს.

"რა თქმა უნდა, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს კონკურენციას ვერ გავუწევთ, მაგრამ რიონის სამდინარო ფუნქციის აღდგენა საინტერესოდ მეჩვენება. დიდ გემებს ვერ მივიღებთ, მაგრამ თუნდაც ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით შესაძლებელია, რომ ვარციხე-გეგუთის მიდამოებამდე გაკეთდეს, რაც ფაქტიურად ქუთაისია. დიდი ისტორიკოსი ნიკო ბერძენიშვილი ამბობდა, რომ გეგუთი ქვემო ქუთაისია, სწორედ იქ იყო ძველი, აიეტის ქუთაისი", - მაესტროსთან საუბარში განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ომარ ნიშნიანიძემ.

ტაბულასთან საუბარში კი ნიშნიანიძემ ქუთაისის მიწისქვეშეთის განვითარებაზე ისაუბრა. უმრავლესობის დეპუტატი ამბობს, რომ ქუთაისის მიწისქვეშეთი საუკუნეების მანძილზე ათვისებული იყო, ახლა კი დავიწყებასაა მიცემული, ამიტომაც მისი ხელახალი განვითარებაა საჭირო. 

"უძველესი დროიდან, როგორც ჩანს, ქუთაისის მიწისქვეშეთი გამოყენებული იყო ადამიანების მიერ და ეს იყო გარკვეულად თავდასაცავი ზღუდეც. მაგალითად, ბაგრატის ტაძრის ქვემოთ, გაბაშვილის გორის ქვემოთ სიღრმეებში არის კარსტული მღვიმეები, რომლებშიც ლეგენდის მიხედვით დავით და კონსტანტინე მხეიძეებიც აფარებდნენ თავს. რიონის ორივე მხარეს, მარცხენა და მარჯვენა მხარეს უხვადაა ასეთი მღვიმეები. მინდა, რომ ეს საკითხი ჩაერთოს და ძალიან საინტერესო იქნება, ჩემი აზრით, ქუთაისის არა მარტო ზედა, არამედ ქვემოთ მიწისქვეშეთიც, რომელიც ძალიან ლამაზია", - ამბობს ნიშნიანიძე.

ნიშნიანიძის შეფასებით, ქუთაისის მიწისქვეშეთის განვითარება და პორტის მოწყობა არცთუ ისე ძვირი უნდა დაჯდეს და ის ადგილობრივმა თვითმმართველობამ და ცენტრალურმა მთავრობამ უნდა დააფინანსოს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყაჩაღობა ვარკეთილში - საბითუმო მაღაზიაზე თავდასხმისთვის ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები