ლატარია

სახელმწიფო ლატარიის კომპანიას წაგებიანად მართავს

freedomoutpost.com

საქართველოს ლატარიის კომპანიის 70%-იანი წილის ღირებულება დღეისთვის 13 ათას ლარს შეადგენს. ეს ფასი კომპანიისთვის, რომელსაც საქართველოში ლატარიების ჩატარების ექსკლუზიური უფლება აქვს მინიჭებული, მიზერულია, თუმცა დაბალ ფასს თავისი მიზეზიც აქვს. ლატარიის კომპანიას ბიუჯეტის წინაშე 217 მილიონი ლარის მოცულობის დავალიანება აქვს. ლატარიის კომპანია გამონაკლისი არაა, რადგანაც სახელმწიფოს კუთვნილი კომპანიების მნიშვნელოვანი ნაწილი ასევე წაგებიანია.

ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, იმ წლიდან მოყოლებული, როდესაც სახელმწიფო ლატარიის კომპანიის 70%-იანი წილის მფლობელი გახდა, კომპანიის მოგებამ ვარდნა დაიწყო. ლატარიის კომპანიის მოგება-ზარალის დოკუმენტაცია გადასახადის გადამხდელთა კავშირმა (TPU) გამოითხოვა. 

"საქართველოს ლატარიის კომპანიის“ ფინანსური მდგომარეობა არცთუ სახარბიელოა. კერძოდ, კატასტროფულად არის შემცირებული გათამაშებებისგან მიღებული შემოსავლები.2010 წელს აღნიშნულმა შემოსავალმა 52.000.000 ლარს გადააჭარბა, როცა 2015 წლის სამი კვარტლის მონაცამებით მან 16.000.000 ლარზე ნაკლები შეადგინა. კომპანიამ, მას შემდეგ, რაც მისი 70 %-იანი წილი სახელმწიფოს ხელში აღმოჩნდა, ყოველი წელი წაგებით დაასრულა და დააგროვა სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ ვალდებულებები. მხოლოდ 2014 წელს კომპანიის მოკლევადიანი ვალდებულებები 58.000.000 ლარით გაიზარდა, ხოლო 2015 წლის 10 დეკემბრის მდგომარეობით მისმა დავალიანებამ სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ 216.318.937 ლარი შეადგინა (აქედან საურავი 62.634.927 ლარი)", - წერია გადასახადის გადამხდელთა კავშირის განცხადებაში. 

გადასახადის გადამხდელთა კავშირში მიაჩნიათ, რომ 216-მილიონიანი ვალი არის კომპანიის არასწორი და უპასუხისმგებლო მართვის შედეგი, რის გამოც ახლა კომპანია წაგებიან ფასად იყიდება. TPU მთავრობისგან რამდენიმე კითხვაზე ელის პასუხის მიღებას:

  1. რატომ არ გააუქმა ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს ლატარიის კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება „საქართველოში ეროვნული ლატარიის ორგანიზებისა და ჩატარების ექსკლუზიური უფლების მინიჭების თაობაზე”, როცა წლებია, ეს კომპანია ვერ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებს?
  2. მას შემდეგ, რაც საქართველოს ლატარიის კომპანია წლებია წაგებით ასრულებს ყოველ ფინანსურ წელს, რატომ არ დააყენა ეკონომიკის სამინისტრომ კომპანიის მენეჯმენტის მინიმუმ შეცვლის საკითხი?
  3. რატომ გადაწყვიტა ეკონომიკის სამინისტრომ კომპანიაში სახელმწიფოს წილის პრივატიზება (რომლიდანაც არცთუ დიდი თანხა შევა ბიუჯეტში) ლატარიის ბაზრის სრული დემონოპოლიზაციის ნაცვლად?

საქართველოს ლატარიის კომპანია 2009 წელს ფინანსთა სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულებით, ბაზრის სრული მონოპოლისტია. ხელშეკრულების ტექსტი საიდუმლოა და TPU ფინანსთა სამინისტროსგან მის გასაჯაროებას მოითხოვს.

კომენტარები