დავა მაესტროს გარშემო

გაჩეჩილაძე რეესტრისგან მაესტროს დირექტორად დანიშვნას ხვალ თავიდან მოითხოვს

პირველი რადიო

ლევან გაჩეჩილაძის ადვოკატის ირაკლი კორძახიას განცხადებით, ხვალ საჯარო რეესტრში ისევ მივა და გაჩეჩილაძის გენერალურ დირექტორად დანიშვნის მოთხოვნას თავიდან დაარეგისტრირებს. კორძახიას თქმით, რეესტრში საქალაქო სასამართლოს განჩინებას მიიტანენ.

„30 დღე არის გასაჩივრების ვადა, სამი დღით შეაჩერა საჯარო რეესტრმა ბაია გადაბაძის განცხადების საფუძველზე ლევან გაჩეჩილაძის რეგისტრაციის პროცესი, და ბაია გადაბაძეს მისცა საშუალება, რომ მას წარედგინა სასამართლოს განჩინება იმის დამადასტურებლად, რომ ლევან გაჩეჩილაძის დანიშვნა არის შეჩერებული სასამართლოს მიერ. საჯაროდ გავრცელდა ის ინფორმაცია, რომ სასამართლომ ბაია გადაბაძეს უარი უთხრა, შესაბამისად, ეს [რეესტრის] შეჩერება ავტომატურად გაუქმდება სამი დღის გასვლის შემდეგ, ან უფრო ადრე, თუ ჩვენ წარვადგენთ სასამართლო განჩინებას საჯარო რეესტრში", - განაცხადა ადვოკატმა ირაკლი კორძახიამ.

თუმცა, ირაკლი კორძახიას საპასუხოდ, მაკა ასათიანის ადვოკატმა გიორგი გვენეტაძემ აღნიშნა, რომ არასერიოზული და არასამართლებრივია კანონიერ ძალაში შესვლამდე სასამართლოს განჩინების რეესტრში წარდგენა. ადვოკატის განმარტებით, საქალაქო სასამართლოს განჩინება კრების ოქმის შეჩერებაზე უართან დაკავშირებით კანონიერ ძალაში არ არის შესული, რადგან ბაია გადაბაძე მას ასაჩივრებს. მისი თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებას სასამართლო ერთი თვის ვადაში მიიღებს, რის შემდეგაც განჩინება კანონიერ ძალაში შევა.

პარტნიორთა სხდომის ოქმის გაუქმების მოთხოვნით საქალაქო სასამართლოს ბაია გადაბაძემ გუშინ მიმართა. ამასთან, დღეს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ლევან გაჩეჩილაძის მაესტროს დირექტორად დაარეგისტრირების საკითხის განხილვა 30 დღით შეაჩერა. რეესტრის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება ბაია გადაბაძის განცხადების საფუძველზე მიიღეს. რეესტრს 30 დღის განმავლობაში უნდა წარედგინოს სასამართლოს მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება გადაბაძის სარჩელის უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით. რეესტრის ცნობით, მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი გადაბაძის მიერ მოთხოვნილი აკრძალვის რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, როგორც ამას ითვალისწინებს კანონი.

კომენტარები