უმცირესობები საქართველოში

საკონსულტაციო კომიტეტი: რელიგიის სააგენტო კონფესიებს შორის იერარქიას აწესებს

ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ ჩარჩო კონვენციის საკონსულტაციო კომიტეტმა საქართველოზე მეორე მოსაზრება გაავრცელა. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) კი, საქართველოში რელიგიის თავისუფლებასა და ანტიდისკრიმინაციულ პოლიტიკასთან დაკავშირებით საკონსულტაციო კომიტეტის შეფასებები მიმოიხილა. ორგანიზაციის ცნობით, ამ საკითხებზე კომიტეტმა გაიზიარა ადამიანის უფლებებზე მომუშავე ინსტიტუციების, სახალხო დამცველის, NGO-ების ძირითადი კრიტიკა.

"საკონსულტაციო კომიტეტი აღნიშნავს, რომ ბოლო წლების განმავლობაში გახშირდა ინტერრელიგიური კონფლიქტის და რელიგიური უმცირესობების მიმართ გამოხატული სიძულვილის (ენის) შემთხვევები, რასაც სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ადეკვატური რეაგირება არ მოჰყოლია. მათი მოსაზრებით, დასრულებული გამოძიებისა და სისხლის სამართლებრივი დევნის განსაკუთრებით დაბალი მაჩვენებელი სამართალდამცავი ორგანოების მიმართ ნდობას აკნინებს, დომინანტი რელიგიის მიმართ გამოხატული მიკერძოება კი ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უკმაყოფილებას იწვევს. კომიტეტი ასევე წერს, რომ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის გამოძიების დროს მოტივის იდენტიფიცირება და მტკიცებულებებით გამყარება არ ხდება და ასეთი ქმედებები ხშირად კვალიფიცირდება ხულიგნობად, სისხლის სამართლის კოდექსის 53 (3) მუხლის მითითების გარეშე, რომელიც შეუწყნარებლობით ჩადენილ დანაშაულებს დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ დანაშაულად განიხილავს. კომიტეტი ეხმაურება ქობულეთში მუსლიმთა პანსიონატის გარშემო მომხდარ ინციდენტს, რაზეც სამართალდამცავ ორგანოთა რეაგირება ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის 3 პირის დაჯარიმებით შემოიფარგლა. კომიტეტი გამოეხმაურა ჭელასა და მოხეში მუსლიმი თემის წევრების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენების ფაქტებს და აღნიშნა, რომ ამ ფაქტების მიუკერძოებული გამოძიება ჭელაში, ხოლო სრული გამოძიება მოხეში არ მომხდარა. ამ პირობებში რელიგიური უმცირესობების ნდობა პოლიციის მიმართ სუსტდება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სავარაუდო უფლების დამრღვევი პირები სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები არიან" - წერს EMC და აღნიშნავს, რომ "კომიტეტი შეშფოთებულია გამოკვეთილი ტენდენციით, როდესაც სამართალდამცავი ორგანოები და მოსამართლეები ეფექტური გამოძიების ნაცვლად მედიატორის როლს ითავსებენ". ამასთან, დომინანტი რელიგიური ჯგუფის მიმართ გამოვლენილი ლოიალობის გამო კომიტეტი პოლიციის განწყობებს დისკრიმინაციულად აფასებს.

"კომიტეტის შეფასებით, რელიგიურ თემებს შორის ნდობის აღდგენის აუცილებელი წინაპირობა სამართალდამცავი პირების მიერ საქმეზე ეფექტური გამოძიების ჩატარება და კონკრეტული პირების დევნის უზრუნველყოფაა. კომიტეტის თქმით, მხარეების შერიგების მცდელობა მისასალმებელი პროცესია, თუმცა, მედიაციამ არ შეიძლება ჩაანაცვლოს კანონის უზენაესობის პრინციპი. კომიტეტი აღნიშნავს, რომ საზოგადოების ცნობიერება ანტიდისკრიმინაციული სტანდარტების შესახებ დაბალია და მთავრობას არ გააჩნია თანმიმდევრული პოლიტიკა საჯარო სექტორში ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის ეფექტური იმპლემენტაციისთვის. კომიტეტის მოსაზრებით, გარკვეულ ჯგუფებში, მათ შორის მართლმადიდებელ ეკლესიაში არსებობს წინააღმდეგობა ანტიდისკრიმინაციული მექანიზმის სრულ იმპლემენტაციასთან დაკავშირებით. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კანონის მიღებას დასაწყისშივე ეწინააღმდეგებოდა და დღესაც ინარჩუნებს გავლენას საზოგადოებრივი განწყობაზე, რომელიც კანონით გათვალისწინებული ზოგიერთი უფლების განხორციელების მიმართ მტრულია" - ნათქვამია EMC-ის მიმოხილვაში.

საკონსულტაციო კომიტეტის კრიტიკის ობიექტი გახდა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოც. კომიტეტი აღნიშნავს, რომ სააგენტოს მუშაობის მეთოდიკა ხელს უწყობს რელიგიურ კონფესიებს შორის იერარქიზაციის განმტკიცებას.

"რელიგიურ ორგანიზაციებს შორის თანასწორობის უზრუნველყოფისათვის მუშაობის სანაცვლოდ, სააგენტო მართლმადიდებელ ეკლესიასთან ერთად მხოლოდ რამდენიმე სხვა რელიგიური ორგანიზაციას აფინანსებს და უჭერს მხარს... რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ წარსულში მიყენებული ზიანის კომპენსაციის შესახებ რეკომენდაცია კონკრეტული საფუძვლების თუ ზიანის განსაზღვრის კრიტერიუმების მითითების გარეშე გასცა. ასევე, ეჭვს იწვევს ფინანსების მხოლოდ ოთხი რელიგიური ორგანიზაციისათვის მინიჭება და ამ წრიდან იმ ორგანიზაციების გამორიცხვა, რომლებსაც ანალოგიურად მიადგათ ზიანი" - წერს კომიტეტი და სინანულს გამოთქვამს, რომ ამ პროცესში არ იყო ჩართული სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭო, რომელშიც 22 რელიგიური ორგანიზაციაა გაერთიანებული.

"კომიტეტი ხაზს უსვამს 2012 წლის შემდგომ მართლმადიდებელი ეკლესიის ზეგავლენის გაზრდის ფაქტს. ასევე, უთითებს 2014 წელს ჩატარებულ დამოუკიდებელ კვლევაზე, რომელმაც გამოავლინა, რომ დაფინანსების 99.2% განსაზღვრული იყო მართლმადიდებელი ეკლესიისათვის. ეს ეკლესია კი, ხშირ შემთხვევაში მრავალფეროვნების ნაცვლად უპირატესობების დამკვიდრებას ემხრობა, რაც საბოლოოდ სხვების მიერ რელიგიის თავისუფლებით სარგებლობისათვის წინაღობას წარმოადგენს. კომიტეტის მოსაზრების თანახმად, რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები თავს შეურაცხყოფილად გრძნობენ დამკვიდრებული დისკურსით, რომელიც განსაზღვრავს ‘ნამდვილ  მართმადიდებელ ქართველს და ამასთან შეადგენს მაღალი დონის პოლიტიკური აქტორების რიტორიკის ნაწილს, საჯარო სივრცეებში მართლმადიდებელი ეკლესიის ასეთი დომინირება კი სეკულარიზმის პრინციპს ეწინააღმდეგება. საკონსულტაციო კომიტეტი შეშფოთებას გამოთქვამს პოლიტიკოსების, ასევე მედიის მიერ ისეთი დისკურსების გაძლიერებასთან დაკავშირებით, რაც შეუწყნარებლობის ნორმად ქცევას იწვევს. იზრდება ისლამოფობიის ნიშნები საჯარო ტელევიზიასა და ბეჭდვით მედიაში, ასევე ქართველი მუსლიმების, როგორც „თურქების“ წარმოჩენის ფაქტები" - წერს (EMC) და აღნიშნავს, რომ აგრძელებს მოსაზრებაში აღწერილ პრობლემებზე მუშაობას და რელიგიური უმცირესობების უფლებების ადვოკატირებას.

ორგანიზაცია მოუწოდებს სახელმწიფო ინსტიტუციებს, მათ შორის, სამართალდამცავ ორგანოებსა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს, გაითვალისწინოს ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ ჩარჩო კონვენციის საკონსულტაციო კომიტეტის შენიშვნები და რეკომენდაციები და განუხრელად დაიცვას ისინი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების დროს. ამ მიმართებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღნიშნული შენიშვნები სათანადოდ აისახოს საქართველოს მთავრობის ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმაში.

კომენტარები