გიგანტური ხეები

ენმ: ციხისძირში მშვიდობიანი აქციის ძალადობრივად დაშლა სრული უკანონობაა

news.ge

ციხისძირში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, პოლიციას უკანონო ქმედებაში ადანაშაულებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. მათი შეფასებით, პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალის გამოყენებითა და სიტყვიერი შეურაცხყოფით აქციის დაშლა სრული უკანონობაა.

„პროცესი, რომელიც ციხისძირში მიმდინარეობს - ბიძინა ივანიშვილის პირადი დავალებით და მისი ახირებით ასწლოვანი ხეების გადატანა  მის ბაღში, უკანონოა და სწორედ ეს გახდა პროტესტის მიზეზი.

ეს კიდევ ერთხელ ფასდება როგორც ბიძინა ივანიშვილის პირადი ახირება და ამას, სამწუხაროდ, სახელმწიფო ორგანოები, სახელმწიფო ინსტიტუტები და კერძოდ, პოლიცია, უსიტყვოდ ასრულებენ. შემაშფოთებელი და  აღმაშფოთებელია, როცა ფიზიკური ძალის გამოყენებით ხდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დაშლა“,- თქვა  პარლამენტის ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გოკა გაბაშვილმა გამართულ პრესკონფერენციაზე.

ცნობისთვის, ციხისძირში ასწლოვანი ხეების გადარგვის გამო გამართულ აქციაზე ხუთი პირი დააკავეს. ისინი ნაციონალური მოძრაობის წევრები და გარემოსდამცველები არიან. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, დაკავებულები არიან ბათუმის და ქობულეთის საკრებულოს წევრები - ნოდარ დუმბაძე და ელგუჯა ბაგრატიონი. როგორც შსს-ში ტაბულას უთხრეს, ხუთი პირი 173-ე მუხლით, პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს. 

კომენტარები