განათლების სისტემა

სანიკიძე: რატომ ვერ აღმოაჩინეს საგნებში მამათმავლობა, უსაფრთხო სექსი, იდენტობა

ტაბულა

განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე მოქალაქეთა ჯგუფის მიერ გავრცელებულ პეტიციას გამოეხმაურა, რომლებიც მოითხოვენ, რომ სკოლებში საგნები "ჩემი საქართველო" და "მე და საზოგადოება" არ ასწავლონ. "მიზანი იქნება დაწყებით კლასებში, 7-13 წლამდე ბავშვების, ერთის მხრივ, ბილწი და უსაშინლესი მამათმავლური ცნობიერებით მოწამვლა, გარყვნა და, მეორეს მხრივ, მათი სარწმუნოებრივ-ეროვნული ცნობიერების გადაგვარება და აღრევა", - წერია პეტიციაში. როგორც სანიკიძე ამბობს, პეტიციის წაკითხვისას შეშფოთდა და ხელის მოწერას აპირებდა.

"პეტიცია რომ წავიკითხე, ნამდვილად შევშფოთდი, როგორც მშობელი, როგორც დედა და მზად ვიყავი, მეც მომეწერა ხელი, მაგრამ, რა თქმა უნდა, გავეცანი და მოვიძიე საფუძვლები, რას ეფუძნებოდა იქ მოყვანილი განცხადებები, ციტატები", - ამბობს სანიკიძე.

განათლების მინისტრი ამბობს, რომ ამ საგნების მომზადებისას უწყება საპატრიარქოსგან იღებს რჩევებს.

"ამ ეტაპზე საგნის სტანდარტი თითქმის მომზადებული და დასრულებულია, საბოლოო კონსულტაციებს გავდივართ საპატრიარქოსთან, სწორედ იმ საკითხების გამო, რომლებიც ეხება რელიგიის თემას, ოჯახის თემას და უფრო მეტიც, რელიგიის ნაწილი იყო ის ნაწილი, რომელზედაც დღეს მსჯელობა გრძელდება და ბოლომდე ვერ გადავწყვიტეთ, ამ ასაკობრივ ჭრილში, ის საკითხები, რომლებსაც გვთავაზობს საპატრიარქო, იქნება თუ არა მისაღები, რაც ნიშნავს, რომ შესაძლოა, ეს საკითხები ამოვიდეს ამ საგნიდან", - ამბობს თამარ სანიკიძე.

განათლების მინისტრი კვლავ პეტიციას უბრუნდება და ჰომოფობიურ ტერმინსაც იყენებს.

"თუ ასეთი ინტენსიური მუშაობა მიდიოდა, თუ საპატრიარქო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სიტყვასიტყვით გადის ამ სტანდარტს, ხვეწავს, მუშაობს, რატომ ვერ აღმოაჩინეს ასეთ სტანდარტში ისეთი საკითხები, როგორიცაა, მაპატიოს საზოგადოებამ, მამათმავლობა, უსაფრთხო სექსი, იდენტობა და ა.შ", - ამბობს სანიკიძე.

განათლების მინისტრის თქმით, სპეკულაციები უნდა დასრულდეს. "ჩვენი რელიგია კრძალავს ტყუილს, ცილისწამებას და ა.შ", - ამბობს ის. სანიკიძისვე თქმით, თუ პროცესები გაგრძელდა, შესაძლოა, სასამართლომდეც მივიდეს საქმე.

თამარ სანიკიძის თქმით, საგნებზე მუშაობას სამინისტრო აგრძელებს.

"საზოგადოებრივ მეცნიერებებზე მუშაობა მიმდინარეობს, დამთავრდება და მივიღებთ ისეთი სახით, რომლის მიხედვითაც შევძლებთ წესიერი ლიტერატურის შექმნას, მასწავლებლის მომზადებას, გზამკვლევების დამუშავებას, მეთოდოლოგიის დანერგვას, განხორციელებას და ა.შ.", - ამბობს სანიკიძე.

კომენტარები