კრიმინალი

სმარტის თანამშრომლების დაჭრისთვის ნასამართლევი არასრულწლოვანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხულიგნობის ბრალდებით, 1999 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გიორგი ა. დააკავა. გამოძიების ვერსიით, მან გუშინ საღამოს სმარტის ოთხი თანამშრომელი დაჭრა. 

"გამოძიებამ დაადგინა, რომ გიორგი ა., თანმხლებ პირებთან ერთად, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, სუპერმარკეტ „სმარტში" საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდა, რა დროსაც სუპერმარკეტის დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა მათ წესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს. გიორგი ა. დაცვის თანამშრომლების მოწოდებამ გააღიზიანა და აგრესიული გახდა. ბრალდებულმა სუპერმარკეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მათთან ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით მსუბუქად დაჭრა რობერტ ხ., გიორგი ხ. და გიორგი ც., ხოლო გიორგი გ-ს ბლაგვის საგნით დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაცვის ოთხივე თანამშრომელი სტაციონარში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის სტაბილურია. სამართალდამცველებმა გიორგი ა. მომხდარიდან რამდენიმე საათში, თბილისში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე დააკავეს. მისი თანმხლები პირების დასაკავებლად მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები", - აცხადებს შსს და აღნიშნავს, რომ გამოძიება ხულიგნობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით).

კომენტარები