ნეპოტიზმი

ენმ: ბიუჯეტი ხელისუფლების წევრების ოჯახების შენახვაზეა ორიენტირებული

ირმა ნადირაშვილი
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის ირმა ნადირაშვილის განცხადებით, "სახელმწიფო ბიუჯეტი მინისტრების, მათი მოადგილეებისა და პარლამენტარების ოჯახის წევრების შენახვაზეა ორიენტირებული". ნადირაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე ნეპოტიზმის ფაქტებზე ისაუბრა. 

„მინდა, ბოლო წლებში დამკვიდრებული მანკიერი გამოცდილების ახალი კუთხე წარმოგიდგინოთ. ჩვენ მინისტრების, მათი მოადგილეების და დეპუტატების დეკლარაციები შევისწავლეთ და გვინდა, წარმოგიდგინოთ სურათი, რომელიც გამოვიკვლიეთ - მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, 2012 წლიდან, დეპუტატების, მინისტრების, მინისტრის მოადგილეების ოჯახის წევრებმა სამსახურების შოვნა დაიწყეს. იკვეთება ორი ტენდენცია - როდესაც ოჯახის წევრები პირდაპირ საჯარო სტრუქტურებში იწყებენ მუშაობას და როდესაც ყველა კერძო სტრუქტურას ერთდროულად მოუნდა ამ ადამიანების დასაქმება.

ჩვენ ძირითადად ის მაგალითები გვაქვს, რომელიც დეკლარაციაშია მოცემული. როდესაც, მინისტრი, მისი მოადგილე და საკანონმდებლო ორგანოს წევრი თავად მიუთითებს, რომ მისი შვილი ან მეუღლე 2012 წლამდე იყო უმუშევარი, შესაბამისად, მათი შემოსავალი იყო 0. 2012 წლის შემდეგ კი იწყებენ სამსახურს. ეს სურათი სრული არაა, როდესაც დეკლარანტი თვლის, რომ მისი ოჯახის წევრი არ ცხოვრობს მასთან, კანონი არ ავალდებულებს მისი შემოსავლები შეისწავლოს. ანუ ყველა მაღალი თანამდებობის პირი ამ ცხრილში ვერ მოხვდებოდა. თუმცა ის სურათი, რომელიც მივიღეთ, ძალიან შემაშფოთებელია. მაგალითისთვის ავიღოთ პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე, 2012 წელს, როგორც კი მან ეს პოზიცია დაიკავა, მისი და მინისტრის მოადგილე გახდა, ხოლო მეუღლე სასწრაფოდ მიიღეს კერძო სექტორში. ახლა ის შპს ბროილერში მუშაობს. გია ჟორჟოლიანის ძმა ჯანდაცვის სამინისტროში დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დასაქმდა. თამაზ ჯაფარიძის მეუღლე პრეზიდენტის რეზიდენციაში დაცვის უზრუნველყოფის სააგენტოში. როსტომ ხალვაშმა ორი შვილი დაასაქმა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასა და აჭარის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებაში. ეს ორივე სახელმწიფო სტრუქტურაა. თამარ კორძაიას მეუღლე, ზაზა მენაბდე იყო აჭარის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის პასუხისმგებელი მორიგე, ახლა კი ის დაწინაურდა და ჯერ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის ერთ-ერთი განყოფილების უფროსად, შემდეგ კი შპს სინათლის ქალაქის მონიტორინგის სამსახურის უფროსი. ნოდარ ხადურის მეუღლე აიყვანეს ლიბერთი ბანკში, მაგრამ აქაა ერთი მნიშვნელოვანი დეტალი - ხადურის ცოლის და, მისი პირადი თანაშემწეა. ნოდარ ებანოიძის შვილები შემოსავლების სამსახურსა და თბილისის მერიაში დასაქმდნენ. თამაზ მეჭიაურის შვილი თბილისის პრობაციის ბიუროში დასაქმდა და ასეთი მაგალითები მრავლადაა", - აცხადებს ნადირაშვილი და აღნიშნავს, რომ ეს არის "საგანგაშო, ძალიან მანკიერი ტრადიცია".

„ეს ნიშნავს, რომ ნამდვილად პერსპექტიული, განათლებული ადამიანისთვის დახურულია საჯარო სამსახურის კარი, დახურულია, ასევე, კერძო სამსახურის კარი და აქ ყველგან მოწყობა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გყავს მართლა პატრონი“, - თქვა დეპუტატმა.

კომენტარები