არჩევნები 2016

ცესკო პარტიებს: დროულად გაიარეთ არჩევნებისთვის საჭირო პროცედურები

ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისია პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, დროულად გაიარონ არჩევნებში მონაწილეობისთვის საჭირო პროცედურები.

ცესკოს განცხადებით, პოლიტიკურმა პარტიამ, რომელსაც არ ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში, ცესკოს თავმჯდომარეს სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს მიმდინარე წლის 1 აგვისტომდე, რის შემდეგაც მან უნდა წარადგინოს მხარდამჭერთა სიები. კვალიფიციურმა საარჩევნო სუბიექტმა, რომელსაც არ ჰყავს წარმომადგენელი პარლამენტში, ცესკოს უნდა წარუდგინოს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი მინიმუმ 1000 ამომრჩევლის სია. ხოლო პარტიამ, რომელიც არ არის კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი, უნდა წარმოადგინოს სულ ცოტა 25 000 ამომრჩევლის სია.

"პარტია ვალდებულია მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიები ცესკოს წარუდგინოს სიის ნიმუშის მიღებიდან 60 დღის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს 15 აგვისტოსი. პოლიტიკური პარტია, რომელსაც არჩევნების დანიშვნის დღისთვის საქართველოს პარლამენტში ჰყავს წარმომადგენელი, ცესკოს თავმჯდომარეს განცხადებით მიმართავს პარლამენტის არჩევნების დანიშვნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57 დღისა", - აცხადებს ცენტრალური საარჩევნო კომისია და განმარტავს, რომ პარლამენტში პარტიის წარმომადგენლად მიიჩნევა პარლამენტის წევრი, რომელიც შესაბამისი პარტიის ან საარჩევნო ბლოკის (რომელშიც ეს პარტია იყო გაერთიანებული) წარდგენით არის არჩეული.

"ასევე პარლამენტში პარტიის წარმომადგენლად მიიჩნევა პარლამენტის წევრი, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბრის პარლამენტში არჩევამდე იმ პარტიის წევრი იყო, რომელი პარტიაც ამ არჩევნებში არ მონაწილეობდა, მაგრამ მისი პარტიის წევრობა მითითებული იყო 2012 წლის პარლამენტის არჩევნებში მონაწილე პარტიის/ბლოკის სიაში და 2016 წლის პარლამენტის არჩევნების დანიშვნის დღისთვის იმავე პარტიის წევრია", - აცხადებს ცესკო.

საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის ოქტომბერში გაიმართება.

კომენტარები