ელექტროენერგიის ტარიფები

კახეთში ელექტროენერგიის ფასი სხვა რეგიონებში არსებულ ფასს გაუთანაბრდება

2016 წლის 1 მარტიდან, კახეთის მოსახლეობა მოხმარებულ ელექტროენერგიაში საქართველოს სხვა რეგიონების მოსახლეობის ანალოგიურ საფასურს გადაიხდის. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო ავრცელებს.  განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის, ასევე 1 მარტიდან, ამოსმედდება სუბსიდირების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, სოციალურად დაუცველი მოსახლეობა, რომელთა მიერ ერთი თვის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა ტოლია ან არ აღემატება 301 კილოვატ საათს, ერთ კილოვატ ენერგიაზე დაახლოებით 4 თეთრამდე შეღავათს მიიღებს.

"2013 წლის დასაწყისში საქართველოს რეგიონებში გარდა კახეთისა, ელექტროენერგიის საფასური შემცირდა. კახეთის რეგიონის მოსახლეობის,  დანარჩენი რეგიონების აბონენტებთან თანაბარ პიორბებში ჩაყენების მიზნით, 2013 წლის პირველი აპრილიდან კახეთის რეგიონის მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულება  საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ, ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით ფინანსდებოდა, შედეგად კახეთის მოსახლეობა საქართველოს სხვა რეგიონების ანალოგიურ საფასურს იხდიდა მოხმარებულ ელექტროენერგიაში.  ამისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2013-2016 წლებში ჯამურად 13 000 000 ლარამდე  გამოიყო. 2015 წლის მე-3 კვარტალში საქართველოს რეგიონებში ელექტროენერგიის ტარიფები ძველ ნიშნულს დაუბრუნდა და კახეთის ელექტროენერგიის ტარიფებს გაუტოლდა. ამავდროულად, 2015 წლის 1 დეკემბერს, დასრულდა კახეთის რეგიონის მოსახლეობის სუბსიდირების პროგრამა. ზამთრის სეზონიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება კახეთში სუბსიდირების პროგრამა კიდევ სამი თვით  გაეგრძელებინა, რისთვისაც ბიუჯეტიდან დამატებით 1 000 000 ლარზე მეტი გამოიყო. სუბსიდირების პროგრამის დასრულების შედეგად, 2016 წლის 1 მარტიდან, კახეთის  მოსახლეობა მოხმარებულ ელექტროენერგიაში საქართველოს სხვა რეგიონების მოსახლეობის ანალოგიურ საფასურს გადაიხდის."- წერია სამინიატროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

კომენტარები