კვირიკაშვილი: აუცილებელია, ვიზალიბერალიზაციისთვის გადადგმული ნაბიჯები დაფასდეს

მთავრობის ადმინისტრაცია

 „ჩვენთვის აუცილებლია, რომ ვიზების ლიბერალიზაციის პროცესში საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები სათანადოდ იყოს დაფასებული, რათა შევინარჩუნოთ საზოგადოების ერთიანობა და კონსოლიდაცია ევროპული ღირებულებების გარშემო“- ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თემატურ პანელზე,  ''სამომავლო მიმართულება ევროინტეგრაციისაკენ“,  გამოსვლის დროს განაცხადა. 

“ჩვენ ვმუშაობთ ქართული საზოგადოების კონსოლიდაციაზე ევროკავშირთან დაკავშირებული მიზნების გარშემო. მაგალითად, ვიზების ლიბერალიზაცია: ჩვენ წარმატებით შევასრულეთ სამოქმედო გეგმის ყველა ტექნიკური მოთხოვნა, საქართველოს მთავრობამ განახორციელა მნიშვნელოვანი რეფორმები, რომლებიც ზოგჯერ შეიძლება არც იყოს პოპულარული ტრადიციულ საზოგადოებაში. ამიტომ, ჩვენ ვითხოვთ ამ ძალისხმევის აღიარებას,”-აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით,  საქართველო აშენებს დემოკრატიულ სახელმწიფოს და აქვს მხოლოდ ერთი ალტერნატივა-ევროპული მომავალი.

“ჩვენ არ გვაქვს ალტერნატივა, ჩვენ არ გვაქვს სხვა გზა, გარდა ევროკავშირთან დაახლოებისა, ევროპული ღირებულებების შესისხლხორცებისა და ჩვენს ქვეყანაში კონსტიტუციური დემოკრატიის აშენებისა. სწორედ ამიტომაც არის ჩვენთვის აღიარება ძალიან მნიშვნელოვანი თანმიმდევრულობისა და მდგრადობის შესანარჩუნებლად. ეს არის ჩვენი გზავნილი, რომ ვიზების ლიბერალიზაციის პროცესის დასრულება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგანაც თავისუფალი ვაჭრობა შეუძლებელია, თუ საქართველოს მოქალაქეებს, ქართველ ბიზნესმენებს არ ექნებათ ევროპაში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა. ჩემი აზრით, ეს ჩვენ მიერ აქამდე მიღწეულ წარმატებების იდეალური გაგრძელება იქნება,”-თქვა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები