დავა მაესტროს გარშემო

გადაბაძემ რეესტრს ოფიციალურად აცნობა, რომ სასამართლოს განჩინება გაასაჩივრა

ბაია გადაბაძე
media.ge

მაესტროს პარტნიორთა კრების მიერ დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებულმა ბაია გადაბაძემ საჯარო რეესტრს კიდევ ერთხელ მიმართა. მან საჯარო რეესტრს ოფიციალურად მიაწოდა ინფორმაცია, რომ სასამართლოს განჩინება გასაჩივრებული აქვს. 

"პარასკევს, სამუშაო საათების ამოწურვამდე 3 წუთით ადრე, ირაკლი კორძახიამ რეესტრში შეიტანა სასამართლოს პირველადი განჩინება, რომლის მიხედვითაც, ჩემი მოთხოვნა კრების ოქმის გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ეს ძალიან კარგად იცის რეესტრმა და მეორე ინსტანციის სასამართლოს განჩინებას ელოდება. პირველადი გადაწყვეტილება გასაჩივრებულია და რეესტრს სწორედ ეს ვაცნობე, რომ არ დაარეგისტრირონ გაჩეჩილაძე, რადგან საჩივარი მაქვს დაწერილი მეორე ინსტანციაში", - განაცხადა ბაია გადაბაძემ.

გაჩეჩილაძეების ადვოკატი ირაკლი კორძახია კი, ლევან გაჩეჩილაძის მაესტროს დირექტორად რეგისტრაციის თაობაზე საჯარო რეესტრისგან პასუხს დღეს ელოდება.

ბაია გადაბაძემ სასამართლოს განჩინება 10 თებერვალს გაასაჩივრა. წინა დღეს, სასამართლომ არ გააუქმა მაესტროს პარტნიორთა კრების ოქმი, რომლის მიხედვითაც, ბაია გადაბაძე გენერალური დირექტორის პოსტზე ლევან გაჩეჩილაძემ შეცვალა. გადაბაძე ითხოვდა გიორგი გაჩეჩილაძის სახელზე "აშკარა კანონდარღვევით და თვალთმაქცურად გაფორმებული 30%-იანი წილის მოქმედების გადაუდებელი წესით შეჩერებას".

ამასთან, 10 თებერვალსვე, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ლევან გაჩეჩილაძის მაესტროს დირექტორად დაარეგისტრირების საკითხის განხილვა 30 დღით შეაჩერა. რეესტრის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება ბაია გადაბაძის განცხადების საფუძველზე მიიღეს. რეესტრს 30 დღის განმავლობაში უნდა წარედგინოს სასამართლოს მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება გადაბაძის სარჩელის უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით. რეესტრის ცნობით, მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი გადაბაძის მიერ მოთხოვნილი აკრძალვის რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, როგორც ამას ითვალისწინებს კანონი.

კომენტარები