ოკუპირებული ტერიტორიები

საგარეო: ე.წ. პასპორტიზაცია აფხაზეთში ქართველების მდგომარეობას დაამძიმებს

საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ მეოთხე კვარტალური ანგარიში მოამზადა. დოკუმენტი 2015 წლის ოქტომბერ-დეკემბერის პერიოდს მოიცავს და მასში ასახულია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ანგარიში საქართველოს სხვადასხვა სამთავრობო უწყებასთან თანამშრომლობით მომზადდა. ის ეყრდნობა ღია წყაროებს და მისი მიზანია საერთაშორისო თანამეგობრობის რეგულარული ინფორმირება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის თაობაზე, მათი მხრიდან სათანადო რეაგირების მიზნით.

სამინისტრო აცხადებს, რომ "ოკუპირებულ ტერიტორიებზე მუდმივად ხდება ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა, რაც გამოიხატება ადამიანების არასათანადოდ მოპყრობაში და უკანონო დაკავებაში. ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეზღუდულია თავისუფალი გადაადგილების უფლება, მასიურად დარღვეულია საკუთრების უფლება და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება. საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების დამონტაჟებამ აღნიშნული ვითარება კიდევ უფრო დაამძიმა".

საგარეო უწყების ცნობით, მეოთხე ყოველკვარტალური ანგარიში ყურადღებას უთმობს და აანალიზებს აფხაზეთის რეგიონში ე.წ. პასპორტიზაციის ახალ პროცესს და უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის თაობაზე ახალი რეგულაციების დაწესების თემას.

"საანგარიშო პერიოდში აფხაზეთში დაიწყო ე.წ. პასპორტიზაციის ახალი ტალღა. აღნიშნული გულისხმობს 300 ათასი ახალი დოკუმენტის, აქედან 250 ათას ე.წ. პასპორტის და 50 ათას ე.წ. ბინადრობის ნებართვის დაბეჭდვასა და შემდგომ მის ადგილზე გაცემას არაუგვიანეს 2016 წლის თებერვლისა.

„პასპორტიზაციის" უკანონო ტალღასთან პირდაპირაა დაკავშირებული 2016 წლის 1 თებერვალს უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ე.წ. კანონის მიღება აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ. მიმდინარე წლის 23 იანვარს ასეთივე დოკუმენტი მიიღო ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმაც. მსგავსი რეგულაციების მიღების იდეა ჯერ კიდევ 2015 წლის ნოემბერში გაჟღერდა, როდესაც სოხუმის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერმა აფხაზეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეთა დიდი რაოდენობა შეაფასა - როგორც საგანგაშო და ადგილობრივ რეალობასთან მათი ადაპტაციის მიზნით საჭიროდ მიიჩნია "უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" ახალი რეგულაციების შემუშავება", - წერს საგარეო უწყება და აღნიშნავს, რომ მიღებული ე.წ. კანონების სამიზნეს მეტწილად ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი ეთნიკურად ქართველი მოსახლეობა წარმოადგენს.

"აღნიშნული რეგულაციები კიდევ უფრო დაამძიმებს მათ ისედაც რთულ მდგომარეობას: შეიქმნება ახალი შეზღუდვები გადაადგილების თავისუფლებაზე, კერძო საკუთრებით სარგებლობასა და მუშაობის უფლებაზე. არსებობს საფრთხე, რომ ამ ე.წ. კანონის გამოყენება მოხდეს ეთნიკური წმენდის ახალი ტალღის განსახორციელებლად. საგულისხმოა, რომ პარალელურად აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა მიიღო ე.წ. კანონი აფხაზეთში შესვლისა და გასვლის წესის შესახებ, რომლის ამოქმედებაც დამატებით ბარიერებს შეუქმნის საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რაც კიდევ უფრო იზოლირებულს გახდის რეგიონს", - აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო და შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ეთნიკური ქართველების მიმართ ახალი დისკრიმინაციული რეგულაციების შემოღების გამო.

საგარეო უწყება მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, დროულად მიიღოს შესაბამისი ზომები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში შელახვისა და ეთნიკური დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის მიზნით.

კომენტარები