ფულადი გზავნილები

ფულადი გზავნილები იანვარში 12%-ით შემცირდა

REUTERS

2016 წლის იანვარში უცხოეთიდან საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილები 11.8%-ით შემცირდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, იანვარში ჩარიცხული თანხის მოცულობა $66.5 მილიონი იყო, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით $8.9 მილიონით ნაკლებია. 

ფულადი გზავნილების კლება წელს არ დაწყებულა, რადგანაც რუსეთში არსებული კრიზისის გამო შემცირება შესამჩნევი 2014 წელს გახდა. 2015 წლის იანვარში კი გზავნილები 23%-ით ანუ $44 მილიონით შემცირდა. 2016 წლის იანვარში კი ისედაც შემცირებული გზავნილების მოცულობა კიდევ უფრო მეტად 11.8%-ით შემცირდა. ფულადი გზავნილების უმთავრესი წყარო საქართველოდან უცხოეთში ემიგრირებული ქართველი მოსახლეობის მიერ გამოგზავნილი თანხებია. 

რუსეთიდან და უკრაინიდან შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობის შემცირება ამ ქვეყნებში არსებულ რთულ ეკონომიკურ პირობებს უკავშირდება. ამ ქვეყნებში წასული მოსახლეობა ხელფასებს რუბლსა და გრივნაში იღებს, ვალუტების მნიშვნელოვანი დევალვაციის გამო კი მათ მიერ საქართველოში გამოგზავნილი თანხის რაოდენობა დოლარში შემცირებულია.

ფულადი გზავნილების მიხედვით იანვარში უმსხვილესი დონორი ქვეყნების სია კი ასე გამოიყურება:

  1. რუსეთი - $19 მილიონი
  2. იტალია - $8.6 მილიონი
  3. საბერძნეთი - $7.9 მილიონი
  4. აშშ - $7.5 მილიონი
  5. თურქეთი - $4.3 მილიონი

ფულადი გზავნილები საქართველოში უცხოური ვალუტის შემოდინების მნიშვნელოვანი წყაროა. მისი შემცირება კი ეროვნული ვალუტის კურსზე უარყოფით გავლენას ახდენს. 

იანვარში საქართველოდან უცხოეთში $11.9 მილიონი გაიგზავნა.

კომენტარები