ნიკოლა სარკოზი

ნიკოლა სარკოზის წინააღმდეგ გამოძიება ოფიციალურად დაიწყო

France's President Sarkozy attends a meeting with health responsibles at the Brie-Comte-Robert hospital
Philippe Wojazer / REUTERS

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის წინააღმდეგ გამოძიება ოფიციალურად დაიწყო. ყოფილ პრეზიდენტს საფრანგეთის სასამართლოში 12 საათის განმავლობაში კითხავდნენ.
ამჯერად საქმე 2012 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დაფინანსების საკითხს ეხება. საფრანგეთის პროკურატურა სარკოზის საარჩევნო კამპანიის ხარჯებისთვის დაწესებული ლიმიტის გადაჭარბებას ედავება.

გამოძიების ცნობით, სარკოზიმ, მისი პარტიის დახმარებით, კამპანიისას იმ დროისთვის დაწესებულ ლიმიტს - 22.5 მილიონ ევროს გადააჭარბა. სარკოზის შტაბის მიერ დაქირავებული პიარსააგენტო, „ბიგმალიონი" კი ეჭვმიტანილია 18 მილიონამდე ევროს ყალბი ზედნადების დამზადებაში, რომელსაც კომპანია პარტიის სახელზე აგზავნიდა, მაშინ, როცა რეალურად ამ თანხას სარკოზის კამპანიის ორგანიზებისთვის იღებდა.

გამოძიების მიმდინარეობის მანძილზე სარკოზი ბრალდებებს უარყოფდა. მისი მტკიცებით, კამპანიის ფინანსების შესახებ არაფერი იცოდა. ოფიციალური გამოძიება უკვე დაწყებულია 13 პირის, მათ შორის ბიგმალიონის წარმომადგენლების, წინააღმდეგ.

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის სახელი კიდევ რამდენიმე საქმეში ფიგურირებს, თუმცა ოფიციალური გამოძიება მის წინააღმდეგ აქამდე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაიწყო - კორუფციისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ბრალდებით. ჯერჯერობით გამამტყუნებელი განაჩენი რომელიმე საქმეზე არ დამდგარა.

შეგახსენებთ, საფრანგეთის 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ნიკოლა სარკოზიც იყრის კენჭს. მან წინასაარჩევნო კამპანია გასულ თვეს დაიწყო.

 

კომენტარები