მიუსაფარი ბავშვები

იუსტიციის სამინისტრო: მიუსაფარ ბავშვებზე პასუხისმგებლობას სახელმწიფო აიღებს

0 კომენტარი

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის განხილვა დაიწყო, რომელიც, იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვების უფლებების დაიცავს. კანონპროექტი დეპუტატებს მინისტრის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე ბარამიძემ წარუდგინა.

„ამ პაკეტის მიზანია, რომ ბავშვები, რომლებიც იზრდებიან ან მუშაობენ ქუჩაში, გამოვტაცოთ ქუჩას. აქედან გამომდინარე, შედის ცვლილებები იმისათვის, რომ ამ ბავშვებზე გავრცელდეს სახელმწიფო დახმარების პროგრამები, რომლებიც არსებობს სხვა მოწყვლადი ჯგუფების სასარგებლოდ. იმისთვის, რომ მათ შეძლონ დოკუმენტების, პირადობის მოწმობების აღება და ძალადობის შემთხვევაში ისინი გამოცალკევებულ იქნენ მშობლებისგან, სხვა კანონიერი წარმომადგენლებისგან ან, უბრალოდ, სხვა გარეშე პირებისგან, რომლებიც კონტროლს ახორციელებენ ამ ბავშვებზე. კანონის მიზანი არის ის, რომ მიუსაფარ ბავშვებზე პასუხისმგებლობა აიღოს სახელმწიფომ", − თქვა ალექსანდრე ბარამიძემ.

უწყების ინფორმაციით, დღეს მოქმედი კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული, თუ ვინ მიეკუთვნება ქუჩაში მცხოვრები ბავშვების კატეგორიას და ისინი ამიტომაც ზუსტად არ არიან აღრიცხული. „ასეთი ბავშვების უფლებები სათანადოდ არ არის დაცული. მათ არ გააჩნიათ საიდენტიფიკაციო დოკუმენტაცია − დაბადებისა და პირადობის მოწმობები, პასპორტი, რადგან მათი მშობლები და მეურვეები ვერ ახერხებენ ან არ თვლიან საჭიროდ პატარებისთვის დოკუმენტაციის მოწესრიგებას. ამის გამოც ვერ იღებენ ისინი განათლებას, არ არიან ჩართულნი სოციალური თუ სამედიცინო სახის სახელმწიფო პროგრამებში. ბავშვზე ძალადობის შემთხვევაში, არ არსებობს მისი მოძალადისაგან მყისიერად განცალკევების მექანიზმი", - აცხადებენ სამინისტროში.

როგორც სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში წერია, ამ საკითხების კანონით მოწესრიგების მიზნით, 2014 წლის 14 ნოემბერს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე შეიქმნა სამუშაო ჯგუფი. უწყების ინფორმაციით, ცვლილებათა პაკეტი საბჭოს 2015 წელის 23 დეკემბრის სხდომაზე დაამტკიცეს.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, კანონპროექტს შემოაქვს ცნება „მიუსაფარი ბავშვი", რაც შესაბამის სტრუქტურებს საშუალებას მისცემს, არა მხოლოდ ობოლი, უსახლკარო, არამედ უგულებელყოფილი მსხვერპლი ბავშვიც დაიცვას. უწყების ინფორმაციით, ახლებურად რეგულირდება მიუსაფარი ბავშვებისათვის დოკუმენტაციის გაცემის პროცესი და უფრო ქმედითი ხდება არასრულწლოვნების ნებისმიერი ძალადობისაგან დაცვის მექანიზმები.

„ასეთი ბავშვების დოკუმენტაციის მოწესრიგების მიზნით სოციალური მომსახურების სააგენტოს ეძლევა უფლება, მიმართოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიუსაფარი ბავშვებისათვის დოკუმენტაციის გაცემის თხოვნით. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ამის შესაძლებლობა მხოლოდ ბავშვის მშობელსა და მეურვეს აქვთ. ცვლილებების ამოქმედების შემდეგ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივის თანახმად, მიუსაფარ ბავშვებზე დოკუმენტები უფასოდ გაიცემა; დოკუმენტაციის მოწესრიგების შემდგომ კი მათ საშუალება ექნებათ, მიიღონ განათლება, შემწეობა და ჩაერთონ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამებში.

ცვლილებები უფრო ქმედითს ხდის არასრულწლოვნების ნებისმიერი ძალადობისაგან დაცვის მექანიზმებს. კანონპროექტი სოციალური მუშაკის როლის გაზრდას ითვალისწინებს, რომელსაც გადაუდებელი აუცილებლობისას ექნება უფლება, მიიღოს გადაწყვეტილება ბავშვის მოძალადისაგან დაუყოვნებლივ განცალკევების თაობაზე.

შეთავაზებული ცვლილებით, შესაძლებელი ხდება არასრულწლოვნის დაცვა გარეშე პირის ძალადობისგანაც. კანონში შემოდის „სხვა პირის" ცნება, რომელიც შესაძლოა, ძალადობდეს მოზარდზე. ამ ცვლილების მიზეზი ის გარემოებაა, რომ ხშირად შეუძლებელია დადგენა, კონკრეტულად, ვინ ძალადობს მიუსაფარ ბავშვზე. კანონპროექტის მიღების შემდეგ სოციალური მუშაკი შეძლებს, დაეხმაროს ბავშვს მის მიმართ ნებისმიერი პირისაგან განხორციელებული ძალადობის ან უგულებელყოფის შემთხვევაში. მას უფლება ექნება, მიიღოს ბავშვის მოძალადე მშობლისგან, კანონიერი წარმომადგენლისგან ან სხვა პირისგან განცალკევების შესახებ გადაწყვეტილება; აუცილებლობის შემთხვევაში კი, მოხდება მშობლის უფლებების შეჩერება, რათა თავიდან იქნეს აცილებული მშობლის უფლებების ბოროტად გამოყენება და ბავშვზე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოებმა შეძლონ მისთვის დახმარების, მათ შორის, სამედიცინო დახმარების, შეთავაზება", - წერია განცხადებაში.

სამინისტროს ინფორმაციით, საკანონმდებლო ცვლილებების პროექტები მომზადებულია „სოციალური დახმარების შესახებ" საქართველოს კანონში, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ საქართველოს კანონში, „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ" საქართველოს კანონში, „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში", „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში", „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა" და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში".

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები