უმაღლესი განათლება

სანიკიძე: რეფორმა სტუდენტების დასაქმების გარანტიას გვაძლევს

0 კომენტარი
ფოტო: facebook.com/mes.gov.ge

განათლების მინისტრის, თამარ სანიკიძის თქმით, გერმანული მოდელი, რომლის განათლების სისტემაში დანერგვასაც მთავრობა გეგმავს, „მართლაც რეფორმა იქნება". მინისტრისვე თქმით, „დღეისთვის ამ რეფორმის განსახორციელებლად სისტემა მომზადებულია".

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, „რეფორმა შრომის ბაზარზე და საქართველოში არსებულ მოთხოვნებზე ორიენტირებული პროფესიული და უმაღლესი განათლების სისტემის ჩამოყალიბებას გულისხმობს".

ტაბულას კითხვას, თუ რატომ შეირჩა კონკრეტულად გერმანული მოდელი, სანიკიძე პასუხობს, რომ ამ ქვეყანაში ეს მიდგომა ძალზედ წარმატებულად მუშაობს. მინისტრის თქმითვე, „საუბარი არ არის იმაზე, რომ იგივე მოდელი ზუსტად გადმოვიტანოთ საქართველოში, იმიტომ რომ ეს ნაკლებად რეალისტურია. თუმცა არის იმის საშუალება, რომ დუალური განათლების ელემენტები დავნერგოთ ისე, რომ გავიდეთ იმ შედეგებზე, რა შედეგებზე გასვლაც გვინდა".

დუალური პროფესიული განათლებით კი მთავრობა უმაღლესი განათლების შრომის ბაზრის მოთხოვნებთან დაახლოებას იმედოვნებს. ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ამ გზით საგანმანათლებლო პროცესი დამსაქმებლის ჩართულობით წარიმართება, გაძლიერდება საწარმოო პრაქტიკის კომპონენტი, გამოიკვეთება შრომის ბაზარზე ორიენტირებული პროფესიები და, საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი სტუდენტების დასაქმებას უზრუნველყოფს.

მთავრობა დეტალურად არ განმარტავს, თუ როგორ განსაზღვრავს წინასწარ შრომის ბაზრის მოთხოვნებს, თუმცა სანიკიძე შრომის ბაზრის კვლევის დოკუმენტზე მიუთითებს, რომელსაც, დახვეწის შემდეგ, პროგნოზებისთვის დაეყრდნობიან. მინისტრი ირწმუნება, რომ ეს ყველაფერი „იძლევა გარანტიას, რომ კურსდამთავრებული სტუდენტი შეძლებს იმ მიმართულებით დასაქმებას, რა მიმართულებითაც სწავლობს". ამისთვის, მინისტრისვე ცნობით, სახელმწიფოს რესურსი, რომელსაც ის უმაღლეს განათლებაში ხარჯავს, „სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან მიმართულებებზე" წარიმართება.

განათლების მინისტრი ამბობს, რომ რეფორმა ახლო მომავალში, „მაქსიმუმ 2-3 წელიწადში" გატარდება და ის კოლეჯებსაც შეეხება.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები