2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი

მოჩოჩოკო: ვცდილობთ, აგვისტოს ომის გამოძიებაზე, რუსეთთან ვითანამშრომლოთ

ფაქისო მოჩოჩოკო
ჰააგის სასამართლო

დღეს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სამუშაო ჯგუფმა თბილისში სამდღიანი ვიზიტის შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა. ვიზიტის განმავლობაში ისინი შეხვდნენ ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და მათ, ვინც 2008 წლის აგვისტოს ომის თემაზე მუშაობდნენ, ასევე დაზარალებულებს.

ჰააგის სისხლის სასამართლოს საპროკურორო ოფისის წარმომადგენელმა, ფაქისო მოჩოჩოკომ წარმოადგინა ჰააგის სისხლის სასამართლოს პროკურორის, ფატუ ბენსუდას მიერ მომზადებული სპეციალური განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ მისი საპროკურორო ოფისი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს მომხდარი დანაშაულების გამოძიებას იწყებს.

"2008 წლის კონფლიქტის მონაწილე ყველა მხარის თანამშრომლობა არის უმთავრესი რამ ჩვენი გამოძიების წარმატებისთვის. გამოძიება იქნება მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და კონფიდენციალური. გადაწყვეტილება დაფუძნებული იქნება მხოლოდ კანონსა და ფაქტებზე, მტკიცებულებებზე, ჩვენებებსა და მოპოვებულ დოკუმენტაციაზე. ჩვენი მიზანია, დავადგინოთ, რა მოხდა 2008 წელს. 2015 წლის მარტში საქართველოს მთავრობამ შეატყობინა ჩვენს პროკურატურას, რომ ეს პროცედურები ეროვნულ დონეზე შეწყვიტა. ამან გზა გაუხსნა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურატურას, დაეწყო გამოძიება. მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ მტკიცებულებების გარეშე შეუძლებელი იქნება ვინმესთვის ბრალის წარდგენა. გამოძიება იმდენ ხანს გაგრძელდება, რამდენიც საჭირო იქნება", - თქვა მოჩოჩოკომ. [რუსთავი 2-ის თარგმანი]

ჰააგის სისხლის სასამართლოს საპროკურორო ოფისის წარმომადგენლის, ფაქისო მოჩოჩოკოს თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა უარი თქვა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობაზე, ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ აგვისტოს ომში ჩართულ ყველა მხარესთან თანამშრომლობა მოხერხდეს.

"ჩვენ მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებასთან ვთანამშრომლობთ. ამ ეტაპზე ჩვენ არ ვაპირებთ საქართველოს ფარგლებს გარეთ ან ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩასვლას. არ ვიშურებთ ძალისხმევას, ვიმუშაოთ რუსეთის მთავრობასთანაც, თუმცა, ჯერჯერობით მცდელობა არ არის წარმატებული. შევეცდებით, მოსკოვში ვიზიტი და შეხვედრები ყველა ჩართულ მხარესთან, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებთან, შევძლოთ. უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი გამოძიება არის სრულიად დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი და მიზნად ისახავს ყველა დაინტერესებულ მხარესთან შეხვედრას", - თქვა ჰააგის სისხლის სასამართლოს წარმომადგენელმა, ფაქისო მოჩოჩოკომ.

ცნობისთვის, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა, ფატუ ბენსუდამ 2015 წლის 13 ოქტომბერს მიმართა სასამართლოს წინასწარი წარმოების პირველ პალატას და მოითხოვა ნებართვა საქართველოში, 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტის დროს სავარაუდოდ ჩადენილი სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების გამოსაძიებლად. გამოძიება 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. წინასწარი გამოძიება პროკურორის ოფისმა 2008 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, ხოლო 2016 წლის იანვარში ჰააგის სასამართლოს მოსამართლეთა პალატამ პროკურორს გამოძიების დაწყებაზე თანხმობა მისცა.

კომენტარები