მარიხუანის დეკრიმინალიზაცია

პარლამენტი მარიხუანას მოხმარებისთვის პატიმრობის გაუქმების საკითხს განიხილავს

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი პირველი მოსმენით განიხილავს მარიხუანას დეკრიმინალიზაციის შესახებ კანონპროექტს. ახალი პოლიტიკური ცენტრის წარმომადგენლის გოგა ხაჩიძის ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, მარიხუანის, კანაფისა და კანაფის ფისის მცირე ოდენობით, გასაღების გარეშე მოხმარება სისხლის სამართლის კოდექსით არ უნდა დაისაჯოს.

კანონპროექტის განხილვის პარალელურად, 4 საათზე პარლამენტთან დეკრიმინალიზაციის მომხრე მოქალაქეების აქცია გაიმართა.

მარიხუანის მოხმარების გამო სისხლის სამართლის კოდექსიდან პატიმრობის ამოღებას მხარი დაუჭირეს ადამიანის უფლებათა დაცვის და იურიდიულმა კომიტეტებმა, ჯანდაცვის კომიტეტმა კი მხარდაჭერაზე უარი თქვა. მხარდამჭერი კომიტეტების წევრთა მოსაზრებით, მარიხუანის მოხმარება სისხლის სამართლის დანაშაულად უნდა დარჩეს, თუმცა, პატიმრობა, როგორც სასჯელი უნდა გაუქმდეს. მათივე აზრით, სასჯელად უნდა განისაზღვროს ჯარიმა და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა.

დეპუტატ გოგა ხაჩიძის კანონპროექტის თანახმად, მარიხუანის, კანაფისა და კანაფის ფისის მცირე ოდენობით, გასაღების გარეშე მოხმარებაზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ უნდა იყოს. პროექტის ამ ვერსიით, მსუბუქი ნარკოტიკული საშუალებების პირველ ჯერზე მოხმარება 100 ლარით უნდა დაჯარიმდეს, ხოლო განმეორების შემთხვევაში - 300 ლარით.

კომენტარები