მარიხუანის დეკრიმინალიზაცია

მარიხუანის დეკრიმინალიზაციის კანონპროექტს კენჭს 2 მარტს უყრიან

საქართველოს პარლამენტი

მარიხუანის დეკრიმინალიზაციის შესახებ დეპუტატ გოგა ხაჩიძის კანონპროექტის კენჭისყრა გადაიდო. კანონის პროექტს კენჭს 2 მარტს უყრიან.

საქართველოს პარლამენტმა აღნიშნული კანონპროექტი დღეს პირველი მოსმენით განიხილა. ახალი პოლიტიკური ცენტრის წარმომადგენლის გოგა ხაჩიძის ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, მარიხუანის, კანაფისა და კანაფის ფისის მცირე ოდენობით, გასაღების გარეშე მოხმარება სისხლის სამართლის კოდექსით არ უნდა დაისაჯოს.

მარიხუანის მოხმარების გამო სისხლის სამართლის კოდექსიდან პატიმრობის ამოღებას მხარი დაუჭირეს ადამიანის უფლებათა დაცვის და იურიდიულმა კომიტეტებმა, ჯანდაცვის კომიტეტმა კი მხარდაჭერაზე უარი თქვა. მხარდამჭერი კომიტეტების წევრთა მოსაზრებით, მარიხუანის მოხმარება სისხლის სამართლის დანაშაულად უნდა დარჩეს, თუმცა, პატიმრობა, როგორც სასჯელი უნდა გაუქმდეს. მათივე აზრით, სასჯელად უნდა განისაზღვროს ჯარიმა და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა.

დეპუტატ გოგა ხაჩიძის კანონპროექტის თანახმად, მარიხუანის, კანაფისა და კანაფის ფისის მცირე ოდენობით, გასაღების გარეშე მოხმარებაზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ უნდა იყოს. პროექტის ამ ვერსიით, მსუბუქი ნარკოტიკული საშუალებების პირველ ჯერზე მოხმარება 100 ლარით უნდა დაჯარიმდეს, ხოლო განმეორების შემთხვევაში - 300 ლარით.

კომენტარები