იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი საბჭო მამუკა ახვლედიანის "შესაძლო დარღვევებს" განიხილავს

იუსტიციის უმაღლესი საბჭო
hcoj.gov.ge

დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანის მიერ ჩადენილ "შესაძლო დარღვევას" განიხილავს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი შოთა გეწაძე მამუკა ახვლედიანს საბჭოს კომპეტენციაში ჩარევას ედავება. სწორედ მან დააყენა საბჭოს დღის წესრიგში საკითხი, რომელიც "მოწმეთა დაკითხვის წესის ასამოქმედებლად თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმეთა კატეგორიების მიხედვით მოსამართლეთა შემადგენლობის განსაზღვრისას აღმოჩენილ შესაძლო დარღვევებს" ეხება. 

"აქ საუბარია შესაძლო დარღვევებზე. როგორც ჩანს, საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ გადაწყვიტა ისეთი საკითხები, რომელთა გადაწყვეტაც შედიოდა და შედის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კომპეტენციაში. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთი უფლებამოსილებაა მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაცია. მე მაგალითის სახით ვამბობ ამას და ეს ვიწრო სპეციალიზაციები, როგორც ჩანს, გადაწყვიტა თავად სასამართლოს თავმჯდომარემ", - განაცხადა გეწაძემ.

"სპეციალიზაციას ახორციელებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ეს კანონით განსაზღვრული რამ არის და ჩვენ სწორედ ამ ჭრილში განვიხილავთ ამ საკითხს, შესაბამისად, შეფასებას მივცემთ. გადაწყვეტილება მიღებული იქნება. აქ შესაძლოა, გამოვლინდეს გარკვეული დისციპლინური სამართალდარღვევაც, არც ეს არის გამორიცხული", - აღნიშნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ვახტანგ თორდიამ.  

მამუკა ახვლედიანის საკითხის განხილვა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა დღის მეორე ნახევრისთვის გადაწყვიტეს. ისინი კიდევ ერთხელ მოიწვევენ საქალაქო სასამრთლოს თავმჯდომარეს საბჭოს სხდომაზე. ჯერჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ამ საკითხზე მამუკა ახვლედიანი. 

იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და მამუკა ახვლედიანს შორის დაძაბული ურთიერთობა რამდენიმე თვეა, არსებობს. ახვლედიანის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და იუსტიციის უმაღლესი საბჭო საკუთარ მოვალეობას თავს ვერ ართმევენ. გარდა ამისა, სწორედ ახვლედიანმა გაავრცელა ინფორმაცია მოსამართლეთა საკვალიფიკაციო ტესტების სავარაუდო გაჟონვის შესახებ.

კომენტარები