ჰუმანითი ჯორჯია

ენმ-ს ჰუმანითი-ჯორჯიაზე საგანელიძესა და სერგეენკოსთან კითხვები აქვს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, "ჰუმანითი-ჯორჯიას" გარშემო ბევრი კითხვა ჩნდება, რომელიც კორუფციასა და მედიკამენტების ხარისხთანაა დაკავშირებული.

"ჩვენს საზოგადოებას მოეხსენება, რომ საპარტნიორო ფონდმა ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების 30 მილიონი ლარი გადასცა ამ კომპანიას, რომელიც თვეების დარეგისტრირებულია და რომლის შესახებ ინფორმაციაც ძნელი მოსაპოვებელი აღმოჩნდა. ამხელა თანხის გაცემა დავით საგანელიძემ გაამართლა იმით, რომ თითქოსდა "ჰუმანითი-ჯორჯიას" უკან ბიძინა ივანიშვილის მეგობარი, მილიარდერი ალექსანდრე მაშკევიჩი დგას, რომელიც თავის სახსრებსაც ჩადებს აღნიშნული კომპანიის საქმიანობაში საქართველოში, თუმცა, ეს არანაირი დოკუმენტაციით ჯერჯერობით არ დასტურდება. უფრო მეტიც, დოკუმენტაცია, რომელიც ხელმისაწვდომია საჯაროდ, ძალიან ბევრ კითხვას აღძრავს. იმისათვის, რომ 30 მილიონი ლარი მიეღო, "ჰუმანითი-ჯორჯიას" უნდა დაფიქსირებოდა ამავე ღირებულების საკუთარი ქონება და ირკვევა, რომ "ჰუმანითი-ჯორჯიამ" კი არ შეიძინა, არამედ განვადებით აიღო 2015 წლის ივნისში ქონება 900 000 ლარად და სულ რაღაც 3 თვეში ეს ქონება შეფასებულ იქნა 30 მილიონ ლარად და ეს ჩაითვალა საკმარის პირობად იმისათვის, რომ დავით საგანელიძეს ამ კომპანიისათვის 30 მილიონი ლარი მიეცა. ეს არის გადასახადის გადამხდელების ფული, ამიტომ საპარტნიორო ფონდმა უნდა გასცეს პასუხი კითხვაზე - რის საფუძელზე ანდო ამხელა ფული ახლადშექმნილ კომპანიას და ხომ არ არის აქ პირადი დაინტერესება, ხომ არ არის აქ კორუფციული სქემა?",- თქვა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

გარდა დავით საგანელიძისა, ჭიაბერაშვილის განცხადებით, დასმულ შეკითხვებს პასუხი უნდა გასცეს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომაც, რადგან სწორედ მან გამოაცხადა "ჰუმანითი-ჯორჯია" კომპანიად, რომლის საშუალებითაც ბაზარზე მედიკამენტების ფასებმა უნდა დაიკლოს და სწორედ მისი ვალდებულებაა, რომ ქართველმა პაციენტმა იცოდეს, რომ იგი ხარისხიან მედიკამენტს იღებს.

ზურაბ ჭიაბერაშვილმა ასევე ისაუბრა კომპანია "ალფა-მედიკზე", რომლის უკანაც, მისივე თქმით, "ჰუმანითი-ჯორჯიას" ოფიციალური დამფუძნებელი დგას.

"კიდევ ერთი დიდი კითხვა, რაც ჩანს, არის შემდეგი, რომ იმავე ხალხის მიერ დაფუძნებულ სხვა კომპანიას, როგორიც არის „ალფა-მედიკი", დავით სერგეენკო და საქართველოს მთავრობა აძლევს საქართველოში უდიდეს სამედიცინო დაწესებულებებს და ისმება კითხვა: "ალფა-მედიკიც" არის ახლადშექმნილი კომპანია და რის საფუძველზე გადასცემს დავით სერგეენკო სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებებს ახლადშექმნილ კომპანიას, რომელსაც ასევე არ უფიქსირდება რაიმე არსებითი კაპიტალი იმისათვის, რომ ეს სამედიცინო დაწესებულებები მართოს. უფრო მეტიც, თვალშისაცემია, რომ ორივე კომპანიის უკან დგას ერთი და იგივე ხალხი. ჩვენ არ ვიცით, რეალურად დგას თუ არა ბიძინა ივანიშვილის მეგობარი ალექსანდრე მაშკევიჩი, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენი, გადასახადების გადამხდელი საქართველოს მოქალაქეების ფულით ვიღაცები ცდილობენ ქართულ ჯანდაცვის ბაზარზე უპირატესი მდგომარეობის მოპოვებას, ამიტომ განმარტებებს ვითხოვთ როგორც დავით სერგეენკოსგან, ასევე დავით საგანელიძისგან", - თქვა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

კომენტარები