ვალიშვილი: გაზპრომთან შეხვედრები გაგრძელდება, სანამ შეთანხმებას არ მივაღწევთ

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი
ტაბულა

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის მარიამ ვალიშვილის განცხადებით, "სანამ არ იქნება შეთანხმება, "გაზპრომთან" შეხვედრები იქამდე გაგრძელდება". ვალიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ გაზპრომის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა კიდევ გაიმართება, რადგან წინა შეხვედრაზე ვერ შეთანხმდნენ. მისივე თქმით, მოლაპარაკებები შეეხება სატრანზიტო მომსახურების ანაზღაურების ფორმას და რაოდენობას.

"ჩვენ პრინციპულად არ ვართ წინააღმდეგი, გადავიდეთ თანხობრივ ანაზღაურებაზე, რაც არის საერთაშორისო პრაქტიკა. ჩვენი გამონაკლისი შემთხვევა იყო, თუმცა კარგი შემთხვევა იყო ჩვენთვის. ჩვენ, პრინციპულად წინააღმდეგი არ ვართ თანხობრივ ანაზღაურებაზე გადასვლის, მაგრამ გააჩნია, რამდენი იქნება ეს თანხა", - განაცხადა ვალიშვილმა ინტერპრესნიუსის ცნობით.

ენერგეტიკის სამინისტრო Gazprom-თან მოლაპარაკებებს 25 სექტემბრიდან აწარმოებს, მას შემდეგ კახა კალაძესა და Gazprom-ის ხელმძღვანელობას შორის შეხვედრა ოთხჯერ გაიმართა. 2015 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული, Socar Georgia-ს ხელმძღვანელი მაჰირ მამედოვი ამბობდა, რომ სხვა მხარეებთან მოლაპარაკებების საფუძველი არ არსებობდა, რადგანაც აზერბაიჯანს საქართველოს კონკურენტუნარიანი ფასის ბუნებრივი აირით მომარაგება შეუზღუდავად შეეძლო. 

კახა კალაძე კი, Gazprom-თან მოლაპარაკებების პირველივე ეტაპიდან აცხადებდა, რომ თუკი საქართველო მეტ რუსულ გაზს შეიძენდა, ეს ძალიან კარგი იქნებოდა. მესამე შეხვედრის შემდეგ კი, მან თქვა, რომ Gazprom-ი კონტრაქტში ცვლილებებს ითხოვს. მინისტრის განმარტებით, Gazrom-ი ქართულ მხარეს ფულად ანაზღაურებაზე გადასვლას სთავაზობს. კალაძის თქმით, Gazprom-ი ყოველ ათას კუბურ მეტრ ბუნებრივ აირში, რომელსაც რუსეთი სომხეთს საქართველოს გავლით მიაწვდის, კონკრეტულ თანხას გადაიხდის. მინისტრის მტკიცებით, რუსულ მხარესთან მოლაპარაკებები სწორედ თანხის მოცულობაზე მიმდინარეობს.

ამასთან, რამდენიმე დღის წინ, კახა კალაძემ დაადასტურა მოლაპარაკებათა არსებობა სოკართან და შაჰ-დენიზის საერთაშორისო კონსორციუმთან. ვიცეპრემიერი ამბობს, რომ ამ მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, საქართველო რუსულ და ირანულ ბუნებრივ აირს აღარ შეიძენს.

Gazprom-თან მოლაპარაკებები რამდენჯერმე გააპროტესტეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა. 6 მარტს, მშვიდობიან აქციას ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც გამართავს. ენმ-ის წარმომადგენლების თქმით, ცოცხალ ჯაჭვს კანცელარიიდან რუსეთის საელჩომდე შეკრავენ. 

კომენტარები