საქართველოს უზენაესი სასამართლო

პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატად ანა დოლიძე დაასახელა

ანა დოლიძე
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატად ანა დოლიძე წარადგინა. ამის შესახებ მან დღევანდელ ბრიფინგზე ისაუბრა.

„ცოტა ხნის წინ საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს ლევან მურუსიძეს შეუწყვიტა უფლებამოსილება. აქედან გამომდინარე, ჩვენ დაგვიდგა ვალდებულება ახალი კანდიდატი წარვადგინოთ უზენაეს სასამართლოში. მე საქართველოს პარლამენტს უზენაეს სასამართლოში განსამწესებლად წარვუდგენ ქალბატონი ანა დოლიძის კანდიდატურას. ეს არის ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში გამოირჩეოდა პრინციპულობით უსამართლობასთან ბრძოლაში. ადამიანი, რომელიც გამორჩეულია პროფესიონალიზმით. ადამიანი, რომელიც გამორჩეულია თავისი პრინციპული და უშიშარი პოზიციით ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ საქმეზე - გირგვლიანის საქმეზე, წინა ხელისუფლების დროს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონი ანა ამ მნიშვნელოვან პოსტზე შეინარჩუნებს იმ ღირებულებას და იმ პრინციპულობას. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს პარლამენტი უმოკლეს ვადებში განამწესებს ქალბატონ ანას ამ სამსახურში“, - თქვა პრეზიდენტმა.

ანა დოლიძე ამჟამად თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებს. ის წლების მანძილზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას თავმჯდომარეობდა.

კომენტარები