ჰომოფობია

თავდაცვის სამინისტრომ "გეი ჯარისკაცის ვიდეოზე" მოკვლევა დაიწყო

Facebook.com

Youtube-ზე ვრცელდება ვიდეო, რომელშიც ქართველი ჯარისკაცი ჰომოფობიის ნიშნით დისკრიმინაციაზე საუბრობს. ჯარისკაცის თქმით, მისი 6- წლიანი კონტრაქტი მაისში იწურება და მის გაგრძელებაზე უარს ჰომოფობიური მოტივით ეუბნებიან.

"მე ვარ ჯარისკაცი. ვმსახურობ ვაზიანის მეოთხე ბრიგადაში 6 წელია და ახლა მიმთავრდება კონტრაქტი, მაისში. მეთაური არ მაძლევს იმის უფლებას, რომ კონტრაქტი გავაგრძელო. მოტივი არის ის, რომ მე ვარ გეი. ეს იცის ყველამ – მეთაურმა, ჯარისკაცმა, საზოგადოებამ და ამ მოტივის გამო არ უნდათ, კონტრაქტი გამიგრძელონ. მე დანაშაული არაფერი არ მაქვს ჯარში და ვითხოვ მფარველობას თავდაცვის მინისტრისგან და პრეზიდენტისგან, რომ ყურადღება მომაქციონ და არ მქონდეს ღირსება შელახული. ვითხოვ, ნორმალური სამსახურის უფლებას და კონტრაქტის გაგრძელებას", - ამბობს ჯარისკაცი.

ტაბულას თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს, რომ აღნიშნულ ფაქტზე მოკვლევა უკვე დაწყებულია, მიმდინარეობს ჯარისკაცის იდენტიფიკაცია, რადგან იგი გავრცელებულ ვიდეოში საკუთარ ვინაობას არ ასახელებს და როდესაც რაიმე დამატებით ინფორმაციას დაადგენენ, აუცილებლად გაავრცელებენ.

ცნობისათვის, საქართველოს კანონმდებლობაში ლგბტ პირებისთვის ჯარში მსახურებაზე შეზღუდვა არ არსებობს.

კომენტარები