მაღაროელები

ტყიბულში ვითარება განმუხტულია, მეშახტეებმა საქნახშირის შენობა დატოვეს

რუსთავი 2

ტყიბულში ვითარება განმუხტულია. აქციის მონაწილეებმა კომპანია საქნახშირის ადმინისტრაციის შენობა დატოვეს. რუსთავი2-ის ინფორმაციით, ვითარების განმუხტვა სამართალდამცველების ჩარევის შემდეგ მოხერხდა.

რამდენიმე საათის წინ საქნახშირის შენობაში გაფიცული მეშახტეები შეიჭრნენ. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ისინი ადმინისტრაციაში ფანჯრიდან შევიდნენ. კომპანიამ მალევე განცხადება გაავრცელა და დაადასტურა, რომ მეშახტეებმა შენობა დაარბიეს.

"ამ დროისთვის უკიდურესად დაიძაბა ვითარება ტყიბულში. კომპანია საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის მონაწილეთა გარკვეულმა ჯგუფმა შეძლო შეღწევა ჯერ კომპანიის ეზოში, შემდეგ შეიჭრა ადმინისტრაციულ კორპუსში. მოხდა კერძო საკუთრების ვანდალური დარბევა და ხელყოფა.

საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფი მოუწოდებს ყველას დარჩეს კანონის ფარგლებში და მიმართვას სამართალდამცველებს მოახდინონ დროული და შესაბამისი რეაგირება

ჯი-აი-ჯი ჯგუფი მიმართვას ყველა კანონიერ ზომას რათა დაცული იქნას წესრიგი, კერძო საკუთრების უფლებები და დაისაჯონ დამნაშავეები." - წერია განცხადებაში.

გავრცელდა შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაც, რომელშიც აღნიშნულია, რომ აქციის მონაწილეთა ნაწილი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

"ტყიბულის რაიონულ პოლიციაში შევიდა შეტყობინება, რომ მაღაროს ადმინისტრაციის წინ შეკრებილმა მოქალაქეებმა, რომელთა ნაწილიც ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა დააზიანეს შენობის ფანჯრები და ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ. საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის მიზნით ადგილზე იმყოფებიან ტყიბულის პოლიციის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები. ამ დროისთვის სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება,"- აღნიშნულია განცხადებაში

როგორც, ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სიტუაცია ამ დროისათვის კონტროლს ექვემდებარება და ადგილზე მობილიზებულია რაიონული პოლიცია, აქციის მონაწილეთაგან კი არავინ დაუკავებიათ.

შეგახსენებთ, რომ ტყიბულის მაღაროს მეშახტეები უკვე რამდენიმე დღეა გაფიცულები არიან. ისინი ხელფასების 40%-იან ზრდას ითხოვენ, რაზეც ადმინისტრაცია უარს აცხადებს. დღეს საღამოს რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებები გაფიცულებთან უშედეგოდ დასრულდა. 

 

 

კომენტარები