ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმა

ირაკლი ჩიქოვანი: ეს არ იყო მხოლოდ თავდასხმა, ეს იყო მკვლელობის მცდელობა

ირაკლი ჩიქოვანი
თავისუფალი დემოკრატები

თავისუფალი დემოკრატები ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმის საქმესთან დაკავშირებით პრემიერმინისტრთან და შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. გარდა ამისა, მათ ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნად რჩება ისიც, რომ ალექსი პეტრიაშვილის საქმეზე სსკ-ის მუხლი გადაკვალიფიცირდეს მკვლელობის მცდელობად.

„უკვე რამდენიმე დღე გავიდა. ცნობები გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე არ არსებობს, თუმცა რეალურად ვითარება, რა ვითარებაშიც იმყოფება ბუკა, ცხადყოფს, რომ ეს არ იყო მხოლოდ და მხოლოდ თავდასხმა, ეს იყო რეალურად მკვლელობის მცდელობა. ჩვენ გვაინტერესებს პრემიერმინისტრისგან და შინაგან საქმეთა მინისტრისგან, თუ რა ინფორმაცია გააჩნიათ მათ ამ დანაშაულთან მიმართებით" - ამბობს ფრაქცია თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი.

დეპუტატის თქმით, პოლიტიკური პარტიის ლიდერის მკვლელობის მცდელობა კრიმინალი მორიგი შემთხვევა არ არის.

"როგორც მინიმუმ, ეს უფრო მეტ საინფორმაციო ველს იკავებს, ამიტომ საჭიროა დროული და სწრაფი გამოძიება. თუ ეს დანაშაული დარჩა გამოუძიებელი, ეს იქნება ძალიან ცუდი ლაქა ჩვენი ქვეყნის იმიჯზე. რა თქმა უნდა, კრიმინალი ყველგან ხდება, მაგრამ ეს არის თავხედური კრიმინალი, ეს არის ვანდალური კრიმინალი, ეს არის უღირსი საქციელი, სხვა თუ არაფერი და, რა თქმა უნდა, მას აქვს დიდი ყურადღება დათმობილი. არ დარჩენილა არცერთი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი და მეგობარი, რომელიც არ შეგვეხმიანა და მხარდაჭერა არ აღგვითქვა", - აღნიშნა ჩიქოვანმა.

თავისუფალი დემოკრატების გენერალურ მდივანს ალექსი პეტრიაშვილს 26 თებერვალს, საბურთალოს სასაფლაოზე სამი ტყვია ესროლეს. მასთან ერთად მყოფი ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე კახა საკანდელიძე იხსენებს, რომ თავს მიზანმიმართულად პეტრიაშვილს დაესხნენ. შსს-მ გამოძიება სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.

კომენტარები