თავისუფალი ვაჭრობა

შვეიცარიასა და ნორვეგიასთან ივნისიდან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი ამოქმედდება

Getty Images

27 ივნისს შვეიცარიის დედაქალაქ ბერნში ხელი მოეწერა საქართველოსა და EFTA-ს წევრ ქვეყნებთან თავისუფალ სავაჭრო რეჟიმს. EFTA აერთიანებს ოთხ ევროპულ სახელმწიფოს: შვეიცარიის კონფედერაციას, ნორვეგიის სამეფოს, ისლანდიის რესპუბლიკასა და ლიხტენშტაინს. ამ ქვეყნების მოსახლეობა 13 მილიონს შეადგენს და ის ევროპის კონტინენტის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მსყიდველუნარიანობით გამოირჩევა. 

მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება ქართულ მხარეს EFTA-ს დელეგაციის ხელმძღვანელმა, ჟან ფარბერგმაც მიულოცა. მისი განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებები ძალიან მოკლე დროში, ექვს თვეში დასრულდა.

EFTA-ს წევრ ქვეყნებთან ვაჭრობის მოცულობა საკმაოდ მცირეა, მეტიც, ამ ქვეყნებიდან ორში - ლიხტენშტაინსა და ისლანდიაში, 2015 წლის მანძილზე ექსპორტი არ ფიქსირდება. ნორვეგიაში კი ექსპორტი გასულ წელს მხოლოდ $56 ათასი იყო. შედარებით უფრო დიდი სავაჭრო ურთიერთობები საქართველოს შვეიცარიასთან აქვს, მასში წინა წელს $30 მილიონის ღირებულების ქართული პროდუქტი გავიდა. EFTA-ს წევრი ქვეყნებიდან იმპორტის მოცულობა კი წელს დაახლოებით $70 მილიონი იყო. იმპორტშიც $62 მილიონით წამყვანი ადგილი შვეიცარიას უჭირავს. 

საქართველოსთან შესაბამისი მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე დადებითი გადაწყვეტილება 2014 წლის 17 ნოემბერს ჟენევაში გამართულ EFTA-ს მინისტერიალზე მიიღეს. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად, EFTA-ს ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასასრულებლად გათვალისწინებული იყო ოთხი რაუნდი, თუმცა მხარეებს შორის ეფექტური და ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად, მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება სამ რაუნდში გახდა შესაძლებელი.
 

კომენტარები