საქართველო-აზერბაიჯანი

კალაძე: სოკართან ფაქტობრივად, ძირითად შეთანხმებამდე მივედით

კახა კალაძე
ტაბულა

ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, აზერბაიჯანიდან დამატებითი ბუნებრივი აირის მიღებასთან დაკავშირებით შეთანხმება "ფაქტობრივად, მიღწეულია". ბაქოდან დაბრუნებულმა კახა კალაძემ თქვა, რომ ამ თემაზე სოკარის პრეზიდენტთან ისაუბრა. კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ გაზპრომთან მოლაპარაკებები რამდენიმე დღეში, საქართველოსთვის სასარგებლო გადაწყვეტილებით დასრულდება.

"მქონდა შეხვედრა პრეზიდენტ ალიევთან, სადაც ვისაუბრეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე, ასევე საუბარი იყო იმ საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტზე, როგორიც არის შაჰ-დენიზი. ასევე, შვხვდი სოკარის პრეზიდენტს, სადაც ვისაუბრეთ ჩვენს სამომავლო თანამშრომლობებზე, დამატებითი მოცულობების წამოღებაზე, რაც ნამდვილად დიდ აუცილებლობას წარმოადგენს ჩვენი შიდა მოხმარებისთვის. ფაქტობრივად, ძირითად შეთანხმებამდე მივედით და ამის შესაძლებლობა იქნება, რომ შაჰ-დენიზის მილსადენიდან წამოვიღოთ დამატებითი მოცულობები. გაზპრომს რაც შეეხება, ამათან დაკავშირებითაც, ალბათ რამდენიმე დღეში, ჩვენ უკვე დავასრულებთ მოლაპარაკებებს და მივიღებთ იმ შედეგს, რაც სჭირდება ჩვენს დარგს და ჩვენს ქვეყანას", - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ ტაბულას ინფორმაციით, აზერბაიჯანის სახელმწიფო ენერგოკომპანია სოკარი საქართველოს, საჭიროების მიხედვით, 500 მილიონი კუბური მეტრით უზრდის გაზმომარაგებას და მის მოწოდებას შაჰ-დენიზის მილსადენით უზრუნველყოფს. ამას გარდა, სოკარი ფასის შესამცირებლადაც მზად არის. თავად კახა კალაძის განცხადებით, "ჩვენ უკვე დიდი ხანია გვაქვს მოლაპარაკებები. გაზპრომის ძალიან დიდი დამსახურება და დიდი როლია ის, რომ დღეს სოკართან საუბარი არის ბუნებრივი აირის ფასების დაკლებაზე".

კომენტარები