საქართველოს პარლამენტი

პარლამენტი რეკლამის ხმის რეგულირების კანონპროექტს განიხილავს

საქართველოს პარლამენტი, ქუთაისი
Spartaky / Wikipedia

ფრაქცია ქართული ოცნება-ეროვნული ფორუმი რეკლამის ხმის კანონით დარეგულირებას ითხოვს. ფრაქციამ შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში უკვე შეიტანა. რეკლამის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე პროექტის ავტორია დეპუტატი თემურ მაისურაძე.

კანონპროექტის მიღების მიზეზად, ინიციატორები სამაუწყებლო ეთერთან სატელევიზიო რეკლამის ხმის სიმძლავრის (დონის) შეუსაბამობას ასახელებენ.

"კანონპროექტის მიღების მიზანია რადიო- და ტელემაუწებლობაში ხმის სიმძლავრის (დონის) დარეგულირება მაუწყებლის ეთერით გადაცემული ხმის სიმძლავესთან (დონესთან), რადგან ხშირ შემთხვევაში ირღვევა მომხმარებლის უფლებები. კერძოდ, მომხმარებლის სურვილისამებრ შერჩეული ხმის სიმძლავრე რადიო- და ტელემაუწყებლის ეთერში იცვლება მისი ნების საწინააღმდეგოდ რეკლამის მსვლელობისას. აღნიშნული გათვლილია მომხარებლის ყურადღების მისაქცევად, თუმცა რეკლამის ხმის სიმძლავრის (დონის) ცვლილება მომხმარებლის ნების გარეშე, ქმნის დისკომფორტს და აღიზიანებს მას ფსიქო-ემოციური მდგომარეობის თვალსაზრისით" - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

კომენტარები