ქვევრის ღვინო

ქვევრის ღვინის ტრადიციის აღსანიშნავად ჟენევაში, გაეროს ეზოში ქვევრი განთავსდა

facebook.com/mfageorgia

შვეიცარიაში ქალაქ ჟენევაში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ოფისის ეზოში ქართული ქვევრი განთავსდა. იუნესკო-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეყვანილი ქვევრი, საქართველოს მთავრობამ გაერო-ს ორგანიზაციის დაარსების 70 წლისთავთან დაკავშირებით გადასცა. ქვევრის განთავსებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და გაეროს გენერალური დირექტორი მიხაელ მიოლერი, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი და ყირგიზეთის ვიცე-პრემიერი დაესწრნენ.

"მოხარული ვარ, რომ საქართველოს კულტურული იდენტობის და უძველესი ტრადიციის ამ ელემენტმა გაერო-ში დაიდო ბინა, როგორც საქართველოს ხელისუფლების საჩუქარმა ორგანიზაციის დაარსების 70 წლისთავთან დაკავშირებით. საქართველო ღვინის აკვანია, ქვევრით ღვინის დაყენებას კი ჩვენს ქვეყანაში 8000 წლის ტრადიცია აქვს“- ამბობს მიხეილ ჯანელიძე.

ჟენევაში ღონისძიებასთან დაკავშირებით ქართული ღვინის დეგუსტაცია და მერაბ კოკოჩაშვილის დოკუმენტური ფილმის, ღვინის გზის კინოჩვენება გაიმართა. 


ფოტო: facebook.com/mfageorgia

კომენტარები