სუპერსამშაბათი

აშშ-ის 11 შტატში ჩატარებულ შიდაპარტიულ არჩევნებში ტრამპი და კლინტონი ლიდერობენ

ამერიკაში, ერთდროულად 11 შტატში შიდაპარტიული არჩევნები, ე.წ. სუპერსამშაბათი გაიმართა. რესპუბლიკელებს შორის, დონალდ ტრამპმა შვიდ შტატში - ალაბამა, არკანზასი, ჯორჯია, მასაჩუსეტსი, ტენესი, ვერმონტი და ვირჯინია - გაიმარჯვა. მისმა მთავარმა კონკურენტმა ტედ კრუზმა გამარჯვება ორ შტატში, მშობლიური ტექსასსა და ოკლაჰომაში მოიპოვა. ამას გარდა, კრუზი ლიდერობს ალასკაზეც, სადაც ამ დროისათვის ხმების 53%-ია დათვლილი. მინესოტის შტატში კი, გამარჯვება მარკო რუბიოს დარჩა.

დემოკრატებს შორის, ჰილარი კლინტონმა შვიდ შტატში გაიმარჯვა. ესენია: ალაბამა, არკანზასი, ჯორჯია, მასაჩუსეტსი, ტენესი, ტექსასი და ვირჯინია.

დარჩენილ ოთხ შტატში, კოლორადოში, მინესოტაში, ოკლაჰომასა და ვერმონტში კი გამარჯვება ბერნი სანდერსს დარჩა.

მომდევნო შიდაპარტიული არჩევნები, რესპუბლიკელებს შორის, ოთხ შტატში, კანზასში, კენტუკიში, ლუიზიანასა და მეინში 5 მარტს გაიმართება.

დემოკრატებს შორის კი, სასურველ კანდიდატს 5 მარტს, კანზასში, ლუიზიანასა და ნებრასკაში გამოავლენენ.

შეგახსენებთ, რომ ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნები 8 ნოემბერს გაიმართება.

კომენტარები