ევრო2016

ევრო2016 შესაძლოა, მაყურებლების გარეშე ჩატარდეს

ევრო 2016-ის ტურნირის დირექტორმა მარტინ კალენმა BBC-სთან საუბარში აღნიშნა, რომ საფრანგეთში გასამართი ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი შესაძლოა, მაყურებლების გარეშე ჩატარდეს. ამის მიზეზი ქვეყანაში არსებული ტერორიზმის მაღალი საფრთხეა.

"ტერორიზმის საფრთხის გამო შესაძლოა მატჩების ჩატარების ადგილის შეცვლა ან მათი მაყურებლების გარეშე ჩატარება გახდეს საჭირო, თუმცა, ჯერჯერობით განგაშის საფუძვლები არ არსებობს", - თქვა კალენმა.

შეგახსენებთ, რომ ტერორიზმის საფრთხე გასული წლის 13 ნოემბერს მომხდარმა ტერაქტმა გააჩინა. ტერაქტების სერიის დროს, ტერორისტებმა საფრანგეთსა და გერმანიას შორის ამხანაგური მატჩის დროს სტად დე ფრანსზე შესვლაც სცადეს და სტადიონთან ახლოს აფეთქებებიც მოახდინეს. ტერაქტების შემდეგ პარიზში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 26 მაისამდე შენარჩუნდება.

ევროპის ჩემპიონატი 10 ივნისს დაიწყება და 10 ივლისამდე გაგრძელდება.

კომენტარები