საქართველო-აზერბაიჯანი

კალაძე: აზერბაიჯანისგან დამატებით ხუთას მილიონ კუბურ მეტრ გაზს მივიღებთ

კახა კალაძე
ტაბულა

ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და კომპანია სოკარის პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა ხელი მოაწერეს საქართველოს მთავრობასა და კომპანია სოკარს შორის 2011 წლის დეკემბერში გაფორმებულ მემორანდუმში ცვლილებებს. ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, აზერბაიჯანი საქართველოს დამატებით ხუთას მილიონ კუბურ მეტრ გაზს მოაწვდის. კალაძემ სოკარის პრეზიდენტთან ერთად გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ პარალელურად, შემცირდა სოკარიდან შესასყიდი სოციალური გაზის ფასი. გარდა ამისა, სოკარი მზადყოფნას გამოთქვამს, 35-40 დოლარით შეამციროს გაზგასამართი სადგურებისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების ფასი. ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა ყველაფერი გააკეთა საქართველოსთვის გაზის დასამატებლად. მისივე შეფასებით, პოლიტიკური ოპონენტები აზერბაიჯანისა და საქართველოს ურთიერთობების "სათავისოდ, დემაგოგიისთვის" გამოყენებას ცდილობდნენ.

"მოგეხსენებათ, საქართველოში ბუნებრივი აირის მზარდი მოხმარების გამო, დღის წერიგში დადგა დამატებითი მოცულობების მოძიების საკითხი. რამდენიმე შეხვედრის და პროდუქტიული მუშაობის შედეგად, ჩვენმა პარტნიორმა, აზერბაიჯანის მთავრობამ და კომპანია სოკარის ხელმძღვანელობამ, მიიღო გადაწყვეტილება დამატებითი მოცულობის საქართველოსთვის შაჰ-დენიზიდან მოწოდების შესახებ. ჩვენს ქვეყანას შესაძლებლობა ექნება, მომავალი წლების განმავლობაში დამატებით ხუთასი მილიომი კუბური მეტრი გაზი მიიღოს აზერბაიჯანიდან. აზერბაიჯანმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ტექნიკური შეზღუდვის გამო წარმოშობილი პრობლემა აღმოეფხვრა. ჩვენ ვაფასებთ და სრულად ვაანალიზებთ იმ პარტნიორულ, კეთილმეზობლურ დამოკიდებულებას ჩვენი მეგობრების მხრიდან, მათ საფუძვლიან მუშაობას, იმისთვის, რომ კომპანია სოკარს გაეზარდა შემოსატანი გაზის მოცულობა. ამის პარალელურად, შემცირდა სოკარიდან შესასყიდი სოციალური გაზის ფასი, გარდა ამისა, სოკარი მზადყოფნას გამოთქვამს, 35-40 დოლარით შეამციროს გაზგასამართი სადგურებისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების ფასი, ეს მიმდინარე შეთანხმება არის ნათელი დემონსტრირება იმ მეგობრული, კეთილმეზობლური დამოკიდებულების და საერთო სტრატეგიული ინტერესებისა, რაც წლებია, აკავშირებს ჩვენს ქვეყნებს და რაც ურყევი და შეუცვლელია მომავალშიც.

აქვე მსურს აღვნიშნო, რომ მიუხედავად საქართველოში მიმდინარე არაჯანსაღი პოლიტიკური ოპონირებისა, მიუხედავად მცდელობისა ყოფილი სახელისუფლებო პარტიის მხრიდან, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობა და პოლიტიკური თუ ბიზნესურთიერთობები სათავისოდ, დემაგოგიიისთვის გამოეყენებინა, ამ ურთულესი მრავალმხრივი მოლაპარაკებების პროცესში, ჩვენ - ქვეყნის მთავრობა, უშუალოდ მოლაპარაკებებში მონაწილე დელეგაციები, ვიდექით მოწოდების სიმაღლეზე და პროფესიონალურად წარიმართა მთლიანად ეს პროცესი. 

დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩვენი ქვეყნის გაზმომარაგების უზრუნველყოფაში თავისი წვლილი შეიტანა, ძალიან დიდი მადლობა პრემიერს მხარდაჭერისთვის, ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო ამ მოლაპარაკებებში. ასევე დიდი მადლობა ჩვენი ქვენის მოსახლეობას, რომ არ აყვა გარკვეული პირების ან ჯგუფების დემაგოგიას და პოლიტიკური ეიფორიის შექმნაში არ მიიღო მონაწილეობა. მადლობა საქართველოში მოღვაწე კომპანია სოკარს, წარმატებას ვუსურვებ აზერბაიჯანის და საქართველოს მთავრობებს თავიანთი საქმიანობისთვის - ჩვენი ქვეყნების და მეგობრობის საკეთილდღეოდ", - განაცხადა კალაძემ.

დღესვე, გაზისა და ნავთობის კორპორაციის დირექტორმა დავით თვალაბეიშვილმა და შპს „სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტის“ ხელმძღვანელმა ზაურ გულიევმა ხელი მოაწერეს „ბუნებრივი გაზით მომარაგების შესახებ“ - „კორპორაციას“ და შპს „სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტს“ შორის დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილებებს. ასევე, ხელი მოეწერა „ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვის თაობაზე“ „არნსკ“-ს და „კორპორაციას“ შორის 2012 წლის ივლისში გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილებებს.

კომენტარები