პრესის თავისუფლება თურქეთში

თურქეთში პოლიციამ ოპოზიციური გაზეთის ოფისი შტურმით აიღო

AFP

თურქეთში პოლიციამ ოპოზიციური გამოცემა ზამანის ოფისი შტურმით აიღო. შენობაში შესვლამდე სამართალდამცავებმა გარეთ შეკრებილი საპროტესტო აქციის მონაწილეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.

რედაქციაში შევარდნას წინ უძღოდა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც გამოცემა სახელმწიფო კონტროლს დაუქვემდებარა და მმართველები დაუნიშნა. სასამართლოს გადაწყვეტილება არ განუმარტავს. მას შემდეგ, რაც ამ გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი გახდა, მხარდამჭერებმა სტამბოლში, გამოცემის ოფისის წინ დაიწყეს შეკრება. თანამშრომლებმა კი შენობის კარი დაკეტეს.

„ჩვენ ყველაზე მძიმე და ბნელ დღეებს გავდივართ პრესის თავისუფლების თვალსაზრისით, რაც ამოსავალი წერტილია დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისთვის. ინტელექტუალებს, ბიზნესმენებს, ცნობილ ადამიანებს, სამოქალაქო საზოგადოების წევრებს, მედია ორგანიზაციებსა და ჟურნალისტებს მუქარითა და შანტაჟით აჩუმებენ" - ეს განცხადება ზამანის რედაქტორებმა ინგლისურენოვან შვილობილ გამოცემაში გამოაქვეყნეს.

ზამანი, რომელიც 650 ათასიანი ტირაჟით გამოიცემა, ქვეყნის მასშტაბით ერთერთი ყველაზე პოპულარული გაზეთია. გამოცემა აფილირებულია ფეთჰულა გიულენთან -აშშ-ში მცხოვრებ მუსლიმ კლერიკთან, რომელიც წარსულში ერდოღანის მოკავშირე იყო, ახლა კი მის მტრად აღიქმება. მოძრაობას, რომელსაც ეს უკანასკნელი ლიდერობს, ოფიციალური ანკარა ტერორისტულს უწოდებს.

გასულ წელს ამავე მოძრაობასთან კავშირების ბრალდებით, სახელწმიფოს მიერ დანიშნულ მმართველობას ორი გაზეთი და ორი ტელეარხი დაექვემდებარა.

დასავლური პრესა ზამანის გარშემო მიმდინარე მოვლენებს თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ ერდოღანის კამპანიის ნაწილად მიიჩნევს. გადაწყვეტილება გააკრიტიკა აშშ-ს სახელწმიფო დეპარტამენტმა.

ზამანის წინააღმდეგ ნაბიჯებამდე რამდენიმე დღით ადრე, თურქეთის საკონსტიტუციო სასამათლომ მიიღო ორი თურქი ჟურნალისტის პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება. ისინი ნოემბერში დააკავეს სახელწმიფო საიდუმლოების გაცემის ბრალდებით. ჟურნალისტებს კვლავ წინ აქვთ სასამართლო, სადაც მათ სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ.

 

კომენტარები