გაზპრომთან მოლაპარაკებები

კალაძე: გაზპრომთან მიღწეულია შეთანხმება, რომ კონტრაქტის ძველ პირობებზე დავრჩეთ

gazprom.com

ვიცეპრემიერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ რუსულ ენერგოგიგანტთან საბოლოო კონტრაქტი ჯერ ჯერობით გაფორმებული არაა, მაგრამ უკვე არსებობს შეთანხმება, რომ სომხეთში ტრანზიტის ტარიფი ანუ გატარებული ბუნებრივი აირის 10% საქართველოს უსასყიდლოდ დარჩეს. შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში ის მომავალ წლამდე იმოქმედებს.

Gazprom-ი საქართველოსგან ტრანზიტის საფასურის შეცვლას მონეტიზაციით მოითხოვდა, რაც საქართველოს წამგებიან მდგომარეობაში ჩააყენებდა. გაზპრომთან მოლაპარაკებების მანძილზე ქართული მხარის პოზიცია ერთმნიშვნელოვანი არ ყოფილა. ენერგეტიკის მინისტრი რუსეთის "ულტიმატუმზე“ საუბრობდა და მიანიშნებდა, რომ საქართველოს შესაძლოა, ამ წამგებიან პირობაზე დათანხმება დასჭირვებოდა. ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ვალიშვილმა კი თებერვალში ტაბულას კითხვის პასუხად განაცხადა, რომ ქვეყნისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ ჰქონდა თუ როგორი გადახდის წესით მიიღებდა ქვეყანა ტრანზიტის ანაზღაურებას. ვალიშვილი იმასაც ამბობდა, რომ თანამედროვე პრაქტიკა მონეტიზაციაზე გადასვლას გულისხმობდა. 

მას შემდეგ, რაც დადასტურდა, რომ საქართველო აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის დეფიციტს სრულად შეივსებს, რუსულ მხარეს აღარ რჩება ბერკეტი, საქართველოს ულტიმატუმის ენით ტრანზიტის პირობების შეცვლა მოსთხოვოს. ბუნებრივი აირის გატარების ყველა ბერკეტი საქართველოს ეკუთვნის. 

კომენტარები