მედია საქართველოში

ეკა მიშველაძე პირველი არხის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს

ტაბულა

ტელეწამყვანი ეკა მიშველაძე სასამართლოში პირველი არხის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას გეგმავს. მიშველაძის ინტერესებს სასამართლოში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაიცავს. ასოციაციის იურისტების თქმით, მიშველაძის გათავისუფლება უკანონოდ მოხდა, რის დასაბუთებასაც ისინი სასამართლოზე შეეცდებიან. 

ეკა მიშველაძე საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სამსახურიდან 10 თებერვალს გაათავისუფლა. ჟურნალისტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორისგან, გიორგი ბარათაშვილისგან, წერილი მიიღო, რომელშიც ეწერა, რომ ეკა მიშველაძის გადაცემა "პირველი სტუდია“ დაიხურა, ხოლო მის მიერ წარმოდგენილმა ახალი გადაცემის პროექტმა არხის ხელმძღვანელობის მოწონება ვერ დაიმსახურა, რადგან, ბარათაშვილის განმარტებით, თემატიკა, რომელსაც აღნიშნული პროექტი ეხებოდა, საკმაოდ ვრცლად არის წარმოდგენილი სატელევიზიო ბადეში არსებულ სხვადასხვა გადაცემაში.

ეკა მიშველაძის გადაცემა "პირველი სტუდია" გასულ წელს შეაჩერეს. საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მრჩეველმა ბასა ჯანიკაშვილმა გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ მიშველაძე "პოლიტიკური ლიდერის მეუღლეა და უხერხულია, წაიყვანოს პოლიტიკური გადაცემა". აღსანიშნავია, რომ მიშველაძის ქმარი ევროინტეგრაციის ყოფილი მინისტრი და თავისუფალი დემოკრატების გენერალური მდივანი ალექსი პეტრიაშვილია. 

როგორც მიშველაძე ამბობდა, გადაცემის დახურვის შემდეგ საზოგადოებრივი მაუწყებლისგან ჰქონდა შემოთავაზება, ახალი გადაცემა გაეკეთებინა, რომელშიც პოლიტიკოსები მონაწილეობას არ მიიღებდნენ. გადაცემა ეთერში იანვრიდან უნდა გასულიყო, თუმცა, ჟურნალისტის მხრიდან ლოდინის მიუხედავად, არ გავიდა, რის შემდეგაც მიშველაძემ ამის შესახებ საჯაროდ ისაუბრა.

კომენტარები