ჰომოფობია

ლეჟავა: საჯარო ლექციაზე შემოსვლაზე შეზღუდვა არ გვაქვს

ტაბულა

თავისუფალი უნივერსიტეტის კანცლერის ვატო ლეჟავას თქმით, საჯარო ლექციაზე შესვლაზე შეზღუდვა არ აქვთ. მისი განმარტებით, ღია ლექციის ფორმატი "იდენტობამ" შეარჩია. ცნობისთვის, თავისუფალ უნივერსიტეტში მართლმადიდებელი ექსტრემისტები ლგბტ უფლებადამცველი ორგანიზაცია "იდენტობის" საჯარო ლექციის ჩაშლას ცდილობენ. ლექცია ილიას უნივერსიტეტის პროფესორმა თათა ცოფურაშვილმა უნდა წაიკითხოს.

"უნივერსიტეტი პლატფორმას და აუდიტორიას უთმობს ყველა მოსაზრებას, მათ შორის ისეთ მოსაზრებებსაც, რომელიც შეიძლება ვინმესთვის საკამათო ან მიუღებელი იყოს. ჩვენ ეს გავაკეთეთ. ცხადია, ამ ლექციაზე მოვიდა განსხვავებული მოსაზრების მქონე, ზოგჯერ აგრესიული რამდენიმე ახალგაზრდა, თუმცა მათაც აქვთ უფლება, გამოხატონ თავისი აზრი, რადგან იდენტობამ გადაწყვიტა, რომ ეს ღია ლექცია ყოფილიყო და ყველა მოვიდა ინტერესის მიხედვით. ჩვენ უზრუნველვყავით, რომ წესრიგი დაცულია, შეხლა-შემოხლას ადგილი არ ჰქონია და ყველამ შეძლო საკუთარი მოსაზრების გამოხატვა. ცხადია, ჩვენ საჯარო ლექციაზე შემოსვლაზე შეზღუდვა არ გვაქვს, არც გვექნება და არც ვაპირებთ, რომ გვქონდეს", - ამბობს ლეჟავა.

საჯარო ლექციაზე მივიდნენ მართლმადიდებელ მშობელთა კავშირისა და ეროვნული ფრონტის წარმომადგენლები. მათ შორის არიან პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირები.

თათა ცოფურაშვილი, რომელიც ლექციის "ჰომოფობიის სოციო-კულტურული ასპექტები" - დაწყებას ვერ ახერხებს, facebook-ის პირად გვერდზე წერს, რომ დამსწრეები არ ჩუმდებიან და ლექცია ვერ იწყება. იდენტობის გამოცემა "17 მაისი" წერს, რომ ლექციის ჩაშლის მსურველთა რიცხვი 10-ზე მეტია.

"ისინი ცოფურაშვილს ლექციის წაკითხვის საშუალებას არ აძლევენ და ამბობენ, რომ ჰომოსექსუალობა და ის თემები, რაზეც ამ აუდიტორიაში უნდა იმსჯელონ, ქართველობას და მართლმადიდებლობას ეწინააღმდეგება და რომ "სექსუალური ორიენტაცია მთელს მსოფლიოში არის მარტო ერთი". მათივე თქმით, "ISIS და ალ კაიდა იდენტობაზე უკეთესი ორგანიზაციებია" - წერს 17 მაისი.

იდენტობის ცნობით: ლექცია პროექტის – "გენდერისა და სექსუალობის საკითხებზე სტუდენტების მგრძნობელობის გაზრდა" – ფარგლებში ტარდება და კანადის მთავრობის მიერ არის მხარდაჭერილი. პროექტი მიზნად ადამიანის უფლებების სწავლების, ტოლერანტული საზოგადოების მშენებლობის და ლიბერალური ღირებულებების განმტკიცებისთვის სტუდენტების ინფორმირებას გენდერის და სექსუალობის საკითხებთან დაკავშირებით და ამ მხრივ მათი ცნობიერების ამაღლებას ისახავს.

კომენტარები