ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმა

თავისუფალი დემოკრატები: საქმე გაიხსნება მაშინ, როცა ყველა დამნაშავეს დაიჭერენ

თავისუფალი დემოკრატების განცხადებით, ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის საქმეს პარტია არ ჩათვლის გახსნილად, სანამ დანაშაულში მონაწილე ყველა პირი არ დაისჯება. პარტიის წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა ცოტა ხნის წინ ბრიფინგი გამართა.

"ალექსი პეტრიაშვილზე განხორციელებული თავდასხმა იყო თავხედური დანაშაული, რომელიც ყველა ჩვენგანს შეეხო. ამ ფაქტმა გააჩინა დაუცველობის განცდა ჩვენს საზოგადოებაში. გვინდა, დადებითად შევაფასოთ ის ფაქტი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ საქმის ერთ-ერთი შემსრულებელი უკვე დააკავა, რაც აუცილებლად დაეხმარება გამოძიებას საქმის ბოლომდე მიყვანაში.

ჩვენთვის, თავისუფალი დემოკრატებისთვის საქმე არ ჩაითვლება გახსნილად, სანამ არ მოხდება ამ საზარელი დანაშაულის ყველა თანამონაწილის დაკავება და პასუხისგებაში მიცემა. პრინციპულად მნიშვნელოვანია მთელი საზოგადოებისთვის, რომ დანაშაულის ყველა მონაწილე დაისაჯოს რაც შეიძლება, სწრაფად. აღსანიშნავია, რომ ერთი თავდამსხმელი არის ჯერ კიდევ თავისუფლებაზე", - თქვა პარტიის წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა.

თავისუფალი დემოკრატები კვლავ მოითხოვენ, საქმე მკვლელობის მცდელობად გადაკვალიფიცირდეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთ ლიდერ ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმისთვის ბორჯომში ერთი პირი დღეს დააკავა. პეტრიაშვილს თავს 26 თებერვალს დაესხნენ.

კომენტარები