რუსული ოკუპაცია

ენმ ხელისუფლებას: რა ნაბიჯები გადადგით რუსეთის ვალდებულების აღსრულებისთვის

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებას მოუწოდებს, საზოგადოებას ანგარიში ჩააბაროს - რა ნაბიჯები გადადგა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ რუსეთზე დაკისრებული ფინანსური კომპენსაციის ვალდებულების აღსრულებისთვის. ამის შესახებ დღევანდელ პრესკონფერენციაზე დეპუტატმა თინათინ ბოკუჩავამ განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, დღეს გაიმართება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა, სადაც განიხილავენ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაკისრებული ვალდებულებების აღსრულების საკითხს. 

"ჩვენ ვითხოვთ განმარტებას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან იმასთან დაკავშირებით, თუ რა პოლიტიკურ, დიპლომატიურ ზომებს იყენებენ ჩვენი მთავრობა და, კერძოდ, საგარეო საქმეთა და იუსტიციის სამინისტროები იმისთვის, რომ ევროპის საბჭომ მიიღოს მკაცრი ზომები და ჩვენი დაზარალებული მოქალაქეების კომპენსაცია უზრუნველყოს.. ვშიშობ, რომ ამ ხელისუფლების პირობებში, რომლის ფლირტი პუტინის რეჟიმთან საქართველოს ეროვნული ინტერესების საზიანოდ უკვე არაერთხელ გახდა ცნობილი, ამ საკითხსაც, რომელიც ეხება ჩვენი ასეულობით მოქალაქის ფინანსურ ანაზღაურებას, უგულებელყოფს და არ გადადგამს აქტიურ ნაბიჯებს შესაბამისი საერთაშორისო მხარდაჭერის მოსაპოვებლად. ამ ეჭვების გასაქარწყლებლად, ვითხოვთ კონკრეტულ პასუხებს, კონკრეტული უწყებებიდან", - განაცხადა ბოკუჩავამ.

სტრასბურგის სასამართლომ ეთნიკური ქართველების დეპორტაციის გამო რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს საჩივარზე გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ 2014 წლის ივლისში გამოიტანა. ამით დასრულდა შვიდწლიანი განხილვა სახელმწიფოთაშორის საჩივარზე "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ". სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა 2006 წელს დაარღვია ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი.

კომენტარები