ნადეჟდა სავჩენკოს საქმე

ამერიკა რუსეთს სავჩენკოს გათავისუფლებისა და უკრაინაში დაბრუნებისკენ მოუწოდებს

Reuters

ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, უკრაინელი მფრინავი ნადეჟდა სავჩენკო დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს და უკრაინაში დააბრუნოს.

"ღრმად შეშფოთებული ვარ უკრაინელი მფრინავისა და რადას დეპუტატის, ნადია სავჩენკოს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რომელიც პარასკევიდან მოყოლებული უარს აცხადებს საკვების და წყლის მიღებაზე, რუსეთის ფედერაციის მიერ მისი პატიმრობაში დატოვების გასაპროტესტებლად. უკვე 20 თვეზე მეტი გავიდა, რაც ის უკრაინის აღმოსავლეთში დააკავეს და რუსეთში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, ამ პერიოდში მან დაკითხვები, იზოლატორში ყოფნა და იძულებითი "ფსიქიატრიული შემოწმებები" გადაიტანა. მისი სასამართლო პროცესი და დაკავება იმის დემონსტრირებაა, რომ რუსეთი საერთაშორისო სტანდარტებსა და მინსკის შეთანხმებებით დაკისრებულ ვალდებულებებს პატივს არ სცემს. ამერიკა კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს სავჩენკო და დააბრუნოს ის უკრაინაში", - აღნიშნულია ჯონ კერის განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

ცნობისთვის, სავჩენკომ მშრალი შიმშილობა 3 მარტს გამოაცხადა.

შეგახსენებთ, რომ სავჩენკოს ბრალად ედება იმ რუსი ჟურნალისტების მკვლელობა, რომლებიც უკრაინის ლუგანსკის ოლქში 2014 წლის ივნისში დაიღუპნენ. სავჩენკო ამ დრომდე ყველა ბრალდებას უარყოფს.

კომენტარები