ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმა

პეტრიაშვილი: საქმე არ იქნება გახსნილი, სანამ დამკვეთს არ გამოავლენენ

eu-integration.gov.ge

დღეს ალექსი პეტრიაშვილი რესპუბლიკური საავადმყოფოდან გამოწერეს. თავისუფალი დემოკრატების გენერალური მდივნის თქმით, ის არ იცნობს მისი დაჭრის ბრალდებით დაკავებულ ლევან მექვაბიშვილს. პეტრიაშვილი აღნიშნავს, რომ საქმე გახსნილად ვერ ჩაითვლება, სანამ დამკვეთს და მეორე შემსრულებელს არ დაიჭერენ.

„წარმოდგენა არ მაქვს ამ სახელზე და გვარზე, ასე რომ, ეს თითიდან გამოწოვილ ბოდიალს ჰგავს. არავითარი პიროვნული გადაკვეთა მაგ ადამიანთან არ მქონია. ის ბევრ რამეს შეიძლება ამბობდეს. [მოტივები] გამოძიებამ უნდა დაადგინოს, მე სპეკულაციებს ვერ დავიწყებ. გამოძიება არ იქნება დასრულებული და საქმე არ იქნება გახსნილი, სანამ დამკვეთი არ იქნება გამოვლენილი და მეორე შემსრულებელსაც არ დააკავებენ. გონება არ დამიკარგავს, მახსოვს ყველა დეტალი - ვინ რა ინსტრუმენტით მუშაობდა უსასტიკესი თავდასხმის განმავლობაში. მას სახეზე ნიღაბი არ ჰქონდა, მეორე პიროვნება მუშაობდა ნიღბით და, შესაბამისად, იქ სხვა დამატებითი სამძებრო სამუშაოებია ჩასატარებელი“, - ამბობს პეტრიაშვილი.

ალექსი პეტრიაშვილი საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე 26 თებერვალს ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. მას ორი ოპერაცია ჩაუტარდა. პეტრიაშვილზე თავდასხმისთვის გუშინ შსს-მ ერთი პირი დააკავა. ლევან მექვაბიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მსჯელობენ. ბრალდებულის ადვოკატის თქმით, "მექვაბიშვილი პეტრიაშვილს არ იცნობდა, შეხება ჰქონდათ გარკვეულ ეტაპზე მოკლე ხნით. იყო პატარა უთანხმოება".

კომენტარები