ჩინეთი

ჩინეთის სავალუტო რეზერვები 2011 წლის მინიმუმამდე შემცირდა

scmp.com

2016 წელი ჩინეთისთვის მძიმედ დაიწყო, შენელდა ეკონომიკური ზრდა, შემცირდა ექსპორტი, საფონდო ბირჟა კვლავ არასტაბილურია. ამ პრობლემების გამო ჩინეთის ცენტრალური ბანკი სავალუტო ინტერვენციებს აქტიურად ახორციელებს, რის გამოც სავალუტო რეზერვები მცირდება. იანვარში ცენტრალურმა ბანკმა იუანის გასამყარებლად $99 მილიარდი დახარჯა, თებერვალში კი დამატებით $28-მილიარდიანი ინტერვენცია განახორციელა. ამ ინტერვენციების შედეგად ქვეყნის სავალუტო რეზერვები 2011 წლის დონემდე შემცირდა.

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, დღეისთვის ჩინეთის ცენტრალური ბანკი $3.2 ტრილიონ დოლარს ინახავს. სავალუტო რეზერვების ყველაზე მასშტაბური ნახევარტრილიონიანი ვარდნა ჩინეთში გასულ წელს საფონდო ბირჟის ვარდნის გამო მოხდა. მაშინ ცენტრალურმა ბანკმა კომუნისტური პარტიის დავალებით, გაუფასურებული კომპანიების აქციების შეძენაზე მილიარდობით დოლარი დახარჯა. ანალიტიკოსების შეფასებით, ამ ვარდნის მიუხედავად, ჩინეთის მთავრობას მსგავსი მასშტაბის ფინანსური კრიზისების შერბილება მომავალშიც შეეძლება. 

2015 წელს ჩინეთში გასული 25 წლის მინიმალური 6.9%-იანი ზრდა იყო. ჩინეთი განვითარებადი მსოფლიოს ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელია, მისი ეკონომიკის შენელება კი ყველა განვითარებადი ქვეყნის, განსაკუთრებით კი აზიური ქვეყნების, ეკონომიკური ზრდის დამუხრუჭებაში აისახება.

ჩინეთის ეკონომიკის შენელება ნედლეულის ფასებზეც უარყოფითად აისახება, რადგანაც არსებობს ვარაუდი, რომ ქვეყანა მომავალში უფრო ნაკლები რაოდენობით ნედლეულს მოიხმარს, რაც პროდუქციის ფასების შემცირებას იწვევს. ნავთობის ფასების ვარდნის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ჩინეთში არსებული შენელებაა. 

ჩინეთში ბირჟების ვარდნა ჯერჯერობით ეკონომიკის ყველა სექტორზე არ გადასულა, თუმცა მისი სამშენებლო სექტორზე გადასვლის შემთხვევაში ქვეყანაში გაცილებით უფრო დიდი კრიზისი შეიძლება დაიწყოს. ჩინეთში გასული წლების მანძილზე უძრავ ქონებაზე ფასები ბანკებში არსებულ საპროცენტო განაკვეთებზე სწრაფად იზრდებოდა, რის გამოც მოსახლეობა საკუთარი დანაზოგებით უძრავ ქონებას ყიდულობდა. ამ სექტორში კრიზისის დაწყება კი მოსახლეობასა და მსოფლიო ეკონომიკაზე მნიშვნელოვნად აისახება, რასაც პოტენციურად ახალი გლობალური ფინანსური კრიზისის გამოწვევაც შეუძლია. ამის შესახებ ჯორჯ სოროსიც საუბრობს და ინვესტორებს მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს.

კომენტარები