თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სუს-ი თსუ-ში ე.წ. ოდეერის არსებობას უარყოფს

სპეციალური უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მათი თანამშრომელი საერთოდ არ არის წარმოდგენილი. მათი განცხადებით, ივა კავსაძე სუს-ის თანამშრომელი არ არის. თსუ-ის რექტორის და სტუდენტების ინფორმაციით კი, კავსაძე უნივერსიტეტში ე.წ. ოდეერია.

"საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონით განისაზღვრა სრულიად ახალი და გამჭვირვალე უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელთა ინსტიტუტის ფუნქციონირების საკითხი, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება ძველი ე.წ. ოდეერების ინსტიტუტისაგან.

კერძოდ, ცვლილებების შესაბამისად, ახალი ინსტიტუტი ემყარება ნებაყოფლობით საწყისებს. სამსახურის მიერ შესაბამის სუბიექტში წარმომადგენლის მივლენისა და ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განისაზღვრება ორმხრივი ხელშეკრულებით, რომლის გაფორმებაზე სამსახურისათვის მიმართვის უფლებამოსილება გააჩნია თავად დაინტერესებულ სუბიექტს.

ამასთან, კონკრეტული სუბიექტების ჩამონათვალს, რომელშიც შესაძლებელია მივლენილ იქნეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი, განსაზღვრავს არაერთპიროვნულად უწყების ხელმძღვანელი, არამედ საქართველოს მთავრობა. აღნიშნული ნუსხა არის ყველასათვის ღია, გამჭვირვალე და მოიცავს 25 სუბიექტს, რომლებიც სახელმწიფო უსაფრთხოების თვალსაზრისით მაღალი რისკის შემცველია. ამ ჩამონათვალში საგანმანათლებლო დაწესებულებები არ შედის. შესაბამისად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სუსის თანამშრომელი არ არის წარმოდგენილი", – აცხადებს უსაფრთხოების სამსახური.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს კანცლერის არჩევნები გაიმართება. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტზე მხოლოდ ერთი კანდიდატია წარმოდგენილი - გიორგი გაფრინდაშვილი. მას სტუდენტთა ნაწილი ზეწოლაში ადანაშაულებს. კანცლერის არჩევნების პარალელურად, საპროტესტო აქციას გამართავენ სტუდენტები. ისინი უნივერსიტეტში ე.წ. ოდეერის არსებობას გააპროტესტებენ. თსუ-ის რექტორის ლადო პაპავას განცხადებით, უნივერსიტეტში არის ოდეერი და ის ივა კავსაძეა. უნივერისტეტის სტუდენტები ეჭვობენ, რომ ივა კავსაძე კანცლერის არჩევნებზე გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურას ლობირებს.

კომენტარები