ხმაური

კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, ხმაური ჯარიმდება

რუსთავი 2

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც ხმაური საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დასჯადი ხდება. კანონპროექტის მიხედვით, ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შედის. პროექტის მიხედვით, ფიზიკური პირი ხმაურის შემთხვევაში დაჯარიმდება 150 ლარით, ხოლო იურიდიული პირი - 1 000 ლარით. წლის განმავლობაში გამეორების შემთხვევაში ჯარიმა ორმაგდება.

"ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა იმსჯელა ჩემს კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ხმაურს. პარლამენტში ინიციატორი იქნება ამ კანონპროექტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, იურიდიული და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტები საკომიტეტო მოსმენებზე განიხილავენ აღნიშნულ საკითხს, რითაც ხმაური ხდება დასჯადი როგორც დღის, ასევე ღამის საათებში. შემოდის სანქციები ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე. დღევანდელ სხდომაზე, ერთადერთი შენიშვნა რაც ჰქონდათ დეპუტატებს, ეს ეხებოდა პირველ ჯერზე გაფრთხილებას, რასაც მე დავეთანხმე. იმედია, საგაზაფხულო სესიაზე ეს ყველაფერი იქნება კანონის სახით წარმოდგენილი და პირველი სექტემბრიდან ხმაური საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დასჯადი გახდება", - განაცხადა ინტერპრესნიუსის ცნობით, პროექტის ავტორმა, საკრებულოს დეპუტატმა თედო კობახიძემ და აღნიშნა, რომ კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებელი იქნება შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი.

კომენტარები