დავა მაესტროს გარშემო

ლევან გაჩეჩილაძე ბაჩო კიკაბიძის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავს

პირველი რადიო

შპს სტუდია მაესტროს გენერალური დირექტორი ლევან გაჩეჩილაძე დღეს სასამართლოში სარჩელს შეიტანს. გაჩეჩილაძე მოითხოვს, არ მიეცეს მაესტროს ლოგოსა და სახელის გამოყენების უფლება შპს ტელეკომპანია მაესტროს, რომლის 100%-ის მფლობელი ბაჩო კიკაბიძეა.

"აუცილებლად მივმართავთ სასამართლოს, მათ შორის, მეურვეს ჩავაყენებთ საქმის კურსში იმასთან დაკავშირებით, რომ მესამე პირები შპს სტუდია მაესტროს კუთვნილ ქონებას და აქტივებს იყენებენ. მოვითხოვთ, ტელეკომპანია მაესტროს არ მიეცეს საშუალება, გამოიყენოს შპს სტუდია მაესტროს კუთვნილი აქტივები", - განაცხადა გაჩეჩილაძის ადვოკატმა ნანუკა ჭკუასელმა.

თავად ბაჩო კიკაბიძის თქმით კი, უახლოეს დღეებში მაესტროს სახელით ახალი ტელევიზიის მაუწყებლობას დაიწყებს. მისი განმარტებით, ლევან გაჩეჩილაძე არა ტელეკომპანიის, არამეს შპს სტუდია მაესტროს დირექტორია. კიკაბიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ მისმა კომპანიამ - შპს ტელეკომპანია მაესტრომ უკვე გაიარა ავტორიზაცია, მიმართა მარეგულირებელ კომისიას და შეატყობინა, რომ საკუთარი ტელევიზიის გაკეთების სურვილი აქვს. კიკაბიძემ აღნიშნა, რომ სავაჭრო ნიშანი „მაესტრო" მან დაარეგისტრირა 2011 წლის 29 დეკემბერს. ამასთან, მაკა ასათიანი მზად არის, კიკაბიძის ტელეკომპანიას ფუნქციონირებისათვის შენობა გადასცეს.

კომენტარები