კონფლიქტი უკრაინაში

ობამა: თუ ვინმე ფიქრობს, რომ უკრაინის გამო რუსეთთან უნდა ვიომოთ, დაასაბუთოს

wtop.com

ჟურნალ Atlantic-თან ინტერვიუში ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ამბობს, რომ უკრაინა აშშ-ის ძირითად ინტერესს არ წარმოადგენს, რუსეთი კი ყოველთვის ეცდება უკრაინაზე დომინირების შენარჩუნებას, რადგან უკრაინა რუსეთის ინტერესია.

"ფაქტია, რომ უკრაინა, რომელიც არ არის NATO-ს წევრი ქვეყანა, ყოველთვის მოწყვლადი იქნება რუსული სამხედრო დომინაციის მიმართ, არ აქვს მნიშვნელობა, ამერიკა რას იზამს", - ამბობს ობამა.

ობამა გამორიცხავს, რომ რუსეთის გადაწყვეტილებების მიღებაზე გავლენის მოხდენა მკაცრი საუბრით ან სამხედრო მოქმედებებში ჩართვით შეიძლება. მისი თქმით, ამის დამადასტურებელია ბოლო 50 წლის მანძილზე მომხდარი ფაქტები.

ობამა ამბობს, რომ არსებობს შეკავების გზები, თუმცა, საჭიროა დაფიქრება, ომის დასაწყებად რა ღირს და რა არა.

"თუ ვინმე ვაშინგტონში ფიქრობს, რომ ყირიმის ან აღმოსავლეთ უკრაინის გამო რუსეთთან ომში უნდა ჩავერთოთ, მათ ეს ძალიან კარგად და მკაფიოდ უნდა ახსნან", - თქვა ობამამ.

აღსანიშნავია, რომ ობამამ კიევის დასახმარებლად ლეტალური იარაღი არ გაგზავნა, რათა ებრძოლათ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების წინააღმდეგ აღმოსავლეთ უკრაინაში. კონფლიქტს 9100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. რუსეთმა ყირიმის ანექსიაც მოახდინა.

კომენტარები