პირადი კადრები

აბაშიშვილი პირად კადრებზე: ვაჩვენოთ სრული მიუღებლობა ამ დანაშაულის მიმართ

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს თამარ ქალდანს შეხვდა. ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებაზე იუსაბრეს.

"მნიშვნელოვანია, რომ უსწრაფესად იქნეს აღნიშნული დანაშაული გამოძიებული და შესაბამისად დაისაჯოს დანაშაულში მონაწილე ყველა პირი. ამავდროულად, თითოეული ჩვენგანის, თითოეული მოქალაქის მორალური და სამოქალაქო პასუხისმგებლობაა, ვაჩვენოთ სრული მიუღებლობა აღნიშნული დანაშაულის მიმართ. თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა არათუ ხელი არ შევუწყოთ მსგავსი ტიპის დანაშაულის გავრცელებას და ტირაჟირებას, არამედ ვაჩვენოთ ნათელი მესიჯი ყველას, რომ შეუძლებელია, მსგავსი დანაშაულით მოხდეს რაიმე ფორმით ვინმეზე მანიპულირება."- განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა.

პროკურატურამ ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით გამოძიება 157-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. 157-ე მუხლის მეორე ნაწილი გულისხმობს პირადი ან ოჯახური საიდუმლოს უკანონოდ გამოყენებას ან გავრცელებას და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.

პროკურატურამ ტაბულას განუცხადა, რომ საქმეზე გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

კომენტარები